ახალი ამბები

კალაძე მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაციაში ჩართულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს

14 თებერვალი, 2018 • 1782
კალაძე მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაციაში ჩართულ პირებს სამსახურიდან ათავისუფლებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ მამუკა კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

როგორც “ნეტგაზეთს” მერიაში განუცხადეს, საუბარია 5-6 პირზე, თუმცა ამ ეტაპზე არ შეუძლიათ დაასახელონ მათი ზუსტი ვინაობა ან თანამდებობები.

„ამ ეტაპზე არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო – დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს,” – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის თქმით, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა მაშინ, როცა ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა არსებობდა.

31 იანვარს მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი