ახალი ამბები

ხმალაძე მეტრო “ვარკეთილში” ნგრევაზე: დანახარჯებს დამნაშავე მხარე აანაზღაურებს

2 თებერვალი, 2018 • 2336
ხმალაძე მეტრო “ვარკეთილში” ნგრევაზე: დანახარჯებს დამნაშავე მხარე აანაზღაურებს

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ მეტოსადგურ “ვარკეთილში” 31 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დანახარჯებს დამნაშავე მხარე აანაზღაურებს.

ეს განცხადება მან 2 თებერვალს თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

31 იანვარს მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

“ეს არის მთლიანად მცდარი მიმართულებით შესრულებული სამუშაო, რაც უკვე კითხვებს აჩენს კომპანიის მიმართაც, მის პროფესიონალიზმსა და სანდოობაში, როგორც შესრულების, ასევე პროექტის ნაწილში. რა თქმა უნდა, პასუხისმგებელ მხარეზე დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, არა იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ გამოვასწორებინოთ ეს სამუშაოები. ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალი პროექტი შევადგინოთ, შეადგინოს პროექტი სხვა კომპანიამ და შეასრულოს ეს სხვა კომპანიამ. თუმცა დანახარჯების ანაზღაურება დამნაშავე და ბრალდებულ მხარეს, რა თქმა უნდა, მოუწევს,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი