ახალი ამბები

ვინც საკუთარი ხარჯები გასწია, ავუნაზღაურებთ – ვიცემერი მეტროში დაშავებულებზე

6 თებერვალი, 2018 • 1983
ვინც საკუთარი ხარჯები გასწია, ავუნაზღაურებთ – ვიცემერი მეტროში დაშავებულებზე

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ყველა ხარჯი სრულად აუნაზღაურდება. მისი თქმით, თუ ვინმემ საკუთარი ხარჯები გასწია, მერია აუნაზღაურებს.

მისი თქმით, თბილისის მერიას დაზარალებულთა მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს.

“ჩვენ მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაგვიმიჯნავს. რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ სრულად დავფარავთ იმ საჭირო ხარჯებს, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ყველა ის ხარჯი, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული და რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ დაიფარება, თბილისის მერიის მიერ ანაზღაურდება,” – ამბობს ირაკლი ხმალაძე.

თბილისის ვიცემერის თქმით, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა დაზარალებულს სათითაოდ, პირადად დაუკავშირდნენ და დღესდღეობით ამის პრობლემა არ დგას:

“ვისაც საკუთარი ხარჯები აქვს გაწეული, მის კომპენსირებას მოვახდენთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუწევია, სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ხარჯებს, რომლებიც დაზარალებულებს მედიკამენტებისთვის სჭირდებათ, საკუთარ ანგარიშებზე პირადად დავურიცხავთ.”

თბილისის ვიცემერის განცხადებით, ამ ეტაპზე სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისა და ექსპერტების დასკვნის შემდეგ, მომხდარ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

[red_box] ნგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში[/red_box]

31 იანვარს მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დაშავებული საკუთარი ხარჯებით მკურნალობს, მათ შორის, ერთ-ერთი ონლაინ-სესხის წყალობით.

მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი