ახალი ამბებისაზოგადოება

იანვრის მდგომარეობით წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

30 იანვარი, 2018 • 2605
იანვრის მდგომარეობით წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოში, 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების ეპიდემიურ გავრცელებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ წითელას ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონდე ინდივიდის 90%-ზე მეტი. წითელას შემთხვევების ზრდასა და იმუნიზაციის საკითხების შესახებ დღეს დაავადების კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია ჩატარდა.

ცენტრის ინფორმაციით, 29 იანვრის მონაცემებით, საქართველოში წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013-2014 ეპიდემიური აფეთქების შემდეგ დაავადებათა ოდენობის მკვეთრი ზრდის პირველი შემთხვევაა.

დაფიქსირებული შემთხვევიდან  86 არის აჭარის ტერიტორიაზე, აქედან 52- ბათუმში, 14 -ქობულეთში, 14- ხელვაჩაურში, 2- ხულოში, 3- წედაში, 1 კი- შუახევში. რაც შეეხება თბილისს, აქ წითელას 5 შემთხვევა დაფიქსირდა, იგივე მაჩვენებელია  ქვემო ქართლშიც,  სამეგრელოში- 4 შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში – 2.

“რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვაშინებთ. ჩვენ გვინდა, რომ პრევენციულ ეტაპზე მოსახლეობა გავაფრთხილოთ. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ  ჰიგიენურ და სანიტარულ ღონისძიებებთან ერთად წითელასთან ბრძოლაში მთავარი არის ვაქცინაცია. ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს  ყველა იმ პირს, ვისაც ინფიცირებულ ადამიანთან აქვს კონტაქტი, ასევე ყველა იმ ბავშვსა  და  ყველა 20-დან 40 წლამდე ადამიანს, ვისაც ვაქცინაცია ჯერ არ ჩაუტარებია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს აცრა არის აბსოლუტურად საიმედო, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, ხოლო აცრის ჩატარებას 40 წლამდე მოსახლეობაში უზრუნველყოფს სახელმწიფო, როგორც ვაქცინის, ისე მომსახურების გადასახადით” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევათა უმეტესობა – 34% , მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იმუნური ჯგუფია. შემდეგ მოდის 1 წლამდე ასაოკობრივი ჯგუფის წილი – 19.5 %. როგორც ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ორსულობამდე 3 თვით ადრე გაიკეთონ აცრა.

 20-დან 40 წლის  მოსახლეობას აქვს  დაბალი იმუნური ფენა და სწორედ ეს იწვევს ეპიდებმიას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ  პრევენციაში განსაკუთრებული როლი აქვთ  იმ ქალბატონებს, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან და გეგმავენ ოჯახის შექმნასა და შვილის გაჩენას. ჩემი მოწოდებაა, რომ გადაიმოწმონ თავიანთი სტატუსი.  თუ არ არიან ან არ ახსოვთ, გაიკეთეს თუ არა ვაქცინაცია,  არ არის პრობლემა, მივიდნენ და დამატებითი აცრა გაიკეთონ, ეს იქნება დაცვა, რომ დაორსულებისა და შვილის გაჩენის შემდეგ ბავშვი 0-დან 1 წლამდე, სანამ წითელაზე აცრა მოუწევს, ამ ვირუსით არ დაავადდება” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება 40 წელს ზემოთ მოსახლეობას, როგორც პაატა იმნაძემ “ნეტგაზეთის” კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, 40 წლის ზემოთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დაავადება უკვე გადატანილი აქვს, რასაც ადასტურებს ეპიდემიოლოგიური კვლევა, შესაბამისად, არ არსებობს გეგმურ აცრაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ჩართვის აუცილებლობა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრიდან 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტინგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში  – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლი, ლია ჯაბიძე განმარტავს, სიმპტომების გამოჩენისას აუცილებელი არაა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მან დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს და მხოლოდ მისი დასკვნის საფუძველზე იმოქმედოს. მისივე თქმით, წითელას საწინააღმდეგო გეგმური იმუნიზაციისას გამოყენებულ ვაქცინას არ აქვს უკუჩვენება.  

“ვაქცინაციის შემდეგ დაავადებათა კონტროლში ვაქცინის შემდგომი ყველა რეაქცია ფიქსირდება. ყველა ექიმი, ვისაც პაციენტი მიმართავს, აცრის შემდგომ ჩივილით, რომ მას შესაძლებელია განუვითარდა რაიმე არასასრუველი სიმპტომი,  ვალდებულია აცნობოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება გართულებებს,  წითელას გართულების შემთხვევა ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. 2004 წლიდან გამოიყენება ეს ვაქცინა და ჩვენ  შეგვიძლია დავასკვნათ რეზულტატების მიხედვით, რომ ვაქცინა ეფექტურია და ამცირებს დაავადებულთა რიცხვს” – განაცხადა მან.

1990 წლიდან საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია 2004-2005 წლამდე რეგისტრირებული არ ყოფილა. ამ პერიოდში აღირიცხა დაავადების 8 391 და გარდაცვალების 9 შემთხვევა. შემდგომი დიდი აფეთქება 2013-2015 წლებში დაფიქსირდა, როდესაც დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, დიდწილად- მოზრდილები (20 – 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ამ აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. აფეთქების გამო 2013-2016 წლებში იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში აიცრა 30 წლამდე ასაკის 200 000-მდე პირი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულმა ღონისძიებამ განაპირობა ის, რომ 2016 წელს დაავადების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ქვეყანაში მხოლოდ 14 შემთხვევა დაფიქსირდა. 

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, ეს ხდება იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ არ არის აცრილი. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში წითელას ვირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა ლეტალურად არ დასრულებულა, მისი მკურნალობის სპეციფიკური გზა არ არსებობს. ვირუსის კონტროლი მხოლოდ პრევენციითაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი