ახალი ამბები

მეტრო ვარკეთილში დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

30 იანვარი, 2018 • 2017
მეტრო ვარკეთილში დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს. ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვავის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე შსს–მ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. შსს–ს ცნობით, გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი