ახალი ამბები

ლორა თორნტონი: ვწუხვარ, ჩემი განზრახვა არ ყოფილა ამგვარი გაუგებრობის გამოწვევა

31 იანვარი, 2018 • 2553
ლორა თორნტონი: ვწუხვარ, ჩემი განზრახვა არ ყოფილა ამგვარი გაუგებრობის გამოწვევა
NDI საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი ფეისბუკზე დაწერილ სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც, მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკა მოჰყვა, ამბობს, რომ მისი განზრახვა გაუგებრობის გამოწვევა არ ყოფილა.

კასპის მაჟორიტარმა, “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა საგანგებო ბრიფინგიც გამართა და თორნტონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

“სოციალური მედიის პირად გვერდზე გავაზიარე სტატუსი, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც უსამართლო კომენტარი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების მიმართ. ვწუხვარ ამის გამო, რადგან ჩემი განზრახვა არ ყოფილა ამგვარი გაუგებრობის გამოწვევა. მე ღრმად მწამს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე კავშირების და NDI თავდადებულია იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საქართველოში ახორციელებს,”- წერს ლორა თორნტონი ფეისბუკის პირად გვერდზე. ნეტგაზეთმა ამ სტატუსის თარგმანი NDI-ის ოფისში დააზუსტა.
საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედთან” 23 იანვარის ინტერვიუს შემდეგ ლორა თორნტონის მიერ “ფეისბუკის” პირად გვერდზე დაწერილ განცხადებას, სადაც მან თქვვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ალბათობით საქართველოს რუკაზე ვერ იპოვის.
“იმედის ჟურალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, აშშ-ისა და რუსეთის შეიარაღებაზე გამოკითხვაში ჩადებული კითხვით NDI რამენაირად ხომ არ ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი დიდი ალბათობთ ვერ იპოვის რუკაზე საქართველოს, არათუ თვალს მიადევნებს აქაური საზოგადოების აზრის გამოკითხვას. მაგრამ მომწონს ვარაუდი, რომ ჩვენ ასეთი დიდი გავლენა გვაქვს,”- დაწერა ლორა თორნტონმა 24 იანვარს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. პოლიტიკოსების კრიტიკა სწორედ ამ სტატუსს მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი