კომენტარი

არასდროს მსმენია საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც ავტოკრატიას გპირდება — ინტერვიუ

5 სექტემბერი, 2024 •
არასდროს მსმენია საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც ავტოკრატიას გპირდება — ინტერვიუ

„ჩემს ცხოვრებაში არ მსმენია ისეთი საარჩევნო კამპანიის შესახებ, რომელიც ავტოკრატიას გპირდება“, — ამბობს „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი ოპოზიციის აკრძალვის გეგმის შესახებ, რომელიც “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის.

ლორა თორნტონი ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა NDI-ის ოფისებს კამბოჯაში, ტაილანდში, მალაიზიასა და საქართველოში. „ნეტგაზეთი“ მას თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა საქართველოსა და აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრა.

— თქვენ წლების განმავლობაში აკვირდებოდით არჩევნებს საქართველოში. როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი ნაკლოვანებები აქვს საარჩევნო გარემოს საქართველოში და როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში?

— მე ვაკვირდებოდი არჩევნებს საქართველოში 2014 წლიდან და არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც მუდმივია. მაგალითად, ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით ხელისუფლების მიერ სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც. არათანაბარი საარჩევნო გარემოა კამპანიის დაფინანსების კუთხით. ყველა პარტია არ არის თანაბარ პირობებში იმ თანხების ოდენობით, რომელთა მოზიდვა შეუძლიათ. დიდი ხნის პრობლემაა დაშინება. წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც განსაკუთრებით ზეწოლაა საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე, რათა ხმა მისცენ მმართველ პარტიას.

არის რამდენიმე საკითხი, რაც განასხვავებს ამ არჩევნებს წარსულისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკმაოდ განსხვავებულია, ვიდრე 2014 წელს, როცა აქ ჩამოვედი. ცესკოს დამოუკიდებლობა ახლა ნაკლებია და გაზრდილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დომინირება. არ გატარდა საარჩევნო რეფორმები, რომლებიც შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეთანხმდა. თქვენ გაქვთ საარჩევნო სისტემა, რომელიც კრძალავს ბლოკებს, მაგრამ ამავე დროს არის ასეთი მაღალი ბარიერი, 5%. ფრაგმენტირებული ოპოზიციისთვის ბარიერის გადალახვას ეს ძალიან ართულებს.

და, რა თქმა უნდა, უცხოური აგენტების კანონი. თუ ძირითადი ქართული დამკვირვებელი ორგანიზაციები, როგორიცაა სამართლიანი არჩევნები, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, გადაწყვეტენ არ დარეგისტრირდნენ, ვნახოთ, მთავრობა მოიმოქმედებს თუ არა რამეს, რაც მათ ხელს შეუშლის არჩევნებზე დაკვირვებაში. ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელია, რომ არ გვეყოლება დამკვირვებლები. არაპარტიული დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების ხარისხის ანალიზი, პარალელური დათვლა ძალიან მნიშვნელოვანია შედეგებისადმი ნდობის გასაძლიერებლად.

არის კითხვები, რომლებიც ადამიანმა წამოჭრეს ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ელექტრონული ხმის მიცემა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს მოითხოვს საზოგადოების ინტენსიურ მომზადებას. რამდენადაც ვიცი გაკეთდა საპილოტე პროექტები, მაგრამ არ ჩატარებულა სისტემის სტრეს-ტესტი ეროვნულ დონეზე და არსებობს ბევრი გაურკვევლობა. განსაკუთრებით მომგებიანი იქნება ელექტრონული დათვლა, რადგან ცხრილების შედგენა კომპიუტერებს უკეთ შეუძლიათ, ვიდრე ადამიანებს. მაგრამ საკითხავია, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი? აქვს თუ არა ხალხს ნდობა? შეიძლება, გქონდეთ ყველაზე სრულყოფილი სისტემა, მაგრამ თუ საზოგადოებას არ აქვს ნდობა ელექტრონული ხმის მიცემისადმი ან ფიქრობს, რომ ამან შეიძლება მათი არჩევანის მანიპულირება მოახდინოს, მაშინ ეს პრობლემაა.

— გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება უცხოური აგენტების კანონმა გავლენა იქონიოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაზეც?

— ეს საინტერესო საკითხია. როგორც ვიცი, ჩემს ყოფილ ორგანიზაცია NDI-ს და IRI-ს დაუკავშირდა ანტიკორუფციული ბიურო და დაინტერესდა, თუ როგორ უჭერენ ისინი მხარს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, რაც სრულიად გაუგებარია. თუმცა ეს ცოტათი განსხვავდება უცხოელი აგენტების კანონისგან. არ ვიცი, უცხოური აგენტების კანონი თავისთავად გავლენას მოახდენს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ქცევაზე, რადგან ისინი სხვაგან არიან რეგისტრირებული და რეგისტრაცია აქვთ საქართველოშიც. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ მოეთხოვებათ იგივე საანგარიშო კოშმარის გავლა, რასაც ეს კანონი მოითხოვს ადგილობრივი ორგანიზაციებისგან, მაგრამ ვიცი, რომ ეს გაურთულებს საქმიანობას ყველა პარტნიორს, ვისთანაც საერთაშორისო ორგანიზაციები თანამშრომლობენ.

— არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ აკრძალავს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას და გააუქმებს მათ მანდატებს. შესაძლებლად მიიჩნევთ ამ სცენარის განვითარებას?

— რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მათ უნდათ, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. დემოკრატიულია? — აბსოლუტურად არა. ცხოვრებაში არ მსმენია ისეთი საარჩევნო კამპანიის შესახებ, რომელიც ავტოკრატიას გპირდება. ყველაზე დახურულ საზოგადოებებშიც კი, სადაც მიცხოვრია, მმართველ პარტიას სურს, თავი მაინც მოაჩვენოს, რომ არსებობს მრავალპარტიული კონკურენცია. მმართველი პარტია გპირდებოდეს დემოკრატიის მოსპობას ავტოკრატიის ასაშენებლად, თითქმის ორველიანურია. მთელს მსოფლიოში არსებობს დიქტატურები, რომლებმაც აკრძალეს ოპოზიციური პარტიები ან დააპატიმრეს ოპოზიციის წევრები. ეს შესაძლებელია საქართველოშიც.

— რა ვითარებაში დადგება ეჭვქვეშ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა და რა ნაბიჯები გადაიდგმება ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან?

— ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება დამკვირვებლებზე. თუ დამკვირვებლებს (განსაკუთრებით ადგილობრივ ორგანიზაციებს) თავისი საქმის გაკეთების საშუალება ექნებათ და ისინი იტყვიან, რომ არჩევნები საკმაოდ კარგად ჩატარდა და შედეგები ზუსტი იყო, საერთაშორისო საზოგადოება ამას გაიზიარებს. თუ ქართველი დამკვირვებლები, რომელთა დიდი ნდობა გვაქვს, იტყვიან, რომ იყო დიდი პრობლემები და შედეგებიც არ შეესაბამება ხმების პარალელურ დათვლას, საერთაშორისო საზოგადოება ძალიან შეშფოთდება.

– შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა, დააწესა სანქციები, გაყინა დახმარების გარკვეული ნაწილი. უნდა ველოდოთ თუ არა მეტ ზომებს ვაშინგტონისგან?

— დიახ, იქნება მეტი ქმედება ვაშინგტონისგან იმისდა მიხედვით, თუ რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“; აკრძალავს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს და ა.შ. მართალია, ჩვენ გვეწურება ვარიანტები, რადგან სანქციები უკვე არსებობს; ჩვენ უკვე შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის პირდაპირი დაფინანსება, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლება დაწესდეს დამატებითი საპასუხო ზომები მთავრობის შიგნით ინდივიდებზე. არ მგონია, რომ ვაშინგტონში ამოწურეს სანქციის ყველა შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი იქნება, ევროკავშირიც შეუერთდეს შეერთებულ შტატებს ამ მცდელობებში. ზოგიერთი რამ შესაძლოა დამოკიდებული იყოს აშშ-ის არჩევნების შედეგზე, თუმცა ჩვენს კონგრესში ნამდვილად ორპარტიული მხარდაჭერაა ამ ზომებისადმი. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული მიმართულებით სვლას შედეგები მოჰყვება.

— თუმცა, ეფექტურია კი ეს სანქციები საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ?

— მოგზაურობის აკრძალვები, მაგალითად, ალბათ, უფრო ეფექტური იქნებოდა, ევროპიდან რომ ყოფილიყო, ვინაიდან ხალხი უფრო მეტად მოგზაურობს ევროპაში, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ფინანსურმა სანქციებმა შეიძლება, ცოტა დააზარალოს ჯიბეები. მაგრამ რაც სხვა ქვეყნებში ვნახე, სხვა პარტნიორები ჩნდებიან… არ იფიქროთ, რომ სანქციების წინააღმდეგი ვარ, ძალიანაც ვემხრობი, მაგრამ საქართველო აუცილებლად მიმართავს სხვა პარტნიორებს, როგორიცაა ჩინეთი და სხვები. მაგალითად, როდესაც შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა, კამბოჯა ჩინეთისკენ შეტრიალდა და ახლა იგი ჩინეთის ვასალური სახელმწიფოა. ეს შეზღუდვები, საქართველოს ალბათ აიძულებს, იპოვოს სხვა პარტნიორები და დადოს სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებები დასავლეთისა და დემოკრატიული ქვეყნების მიღმა.

— შემოდგომაზე არჩევნებია შეერთებულ შტატებშიც. „ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ ტრამპი თუ გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართაც. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს მტკიცება? და ზოგადად, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკრაინის ომზე, ერთის მხრივ და საქართველოზე, მეორეს მხრივ?

— უკრაინის ომის ნაწილში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება კონგრესის შემადგენლობაზეც. თუ წარმომადგენელთა პალატა, სენატი და პრეზიდენტიც რესპუბლიკელების იქნება, ვფიქრობ, ნაკლებ მხარდაჭერას დავინახავთ მოკავშირე უკრაინის მიმართ, რაც ძალიან მაწუხებს. დონალდ ტრამპი ძალიან არათანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მან არაერთხელ თქვა, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების წინააღმდეგია. ყველა რესპუბლიკელი ამას არ იზიარებს.

რაც შეეხება საქართველოს და იმ აზრს, რომ ტრამპი საქართველოს დაეხმარებოდა, ეს ძალიან მცდარი პოზიციაა. ტრამპი იზოლაციონისტია. მისი მიზანი არავის დახმარება არ არის. მისი მიზანია შეერთებული შტატების ჩამოშორება საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, საგარეო დახმარების ოდენობის შემცირება, ნატოში ჩვენი პარტნიორობის გადახედვა, ალიანსების გადახედვა. მე ვერ ვხედავ, რა სარგებელს მოუტანს ეს საქართველოს. არა მგონია, ტრამპს აინტერესებდეს, რა ბედი ეწევა საქართველოს.

— შესაძლოა, ზუსტად ეს უნდა „ქართულ ოცნებასაც“…

— შესაძლოა, ეს სურდეთ — თავი დაანებონ და ნება მისცენ, შეუერთდეს კრემლის გავლენის სფეროს. მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ ტრამპი მხარი დაუჭერს მათ პოლიტიკას ან რამენაირად დაეხმარება, ასე არ მოხდება. ტრამპის ადმინისტრაცია საერთოდ არ იქნება დაინტერესებული ამ რეგიონით და ჩვენი მოკავშირეებისთვის და დემოკრატიისთვის ამერიკის მხარდაჭერის გაუქმებას მოისურვებს.

– „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „ალქაჯების გაერთიანება“ უწოდა…

— „ალქაჯების გაერთიანება“ რაღაც ახალია. მეგონა, გლობალური ომის პარტიას იტყოდით…

— ამჯერად არა. მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ ასე ლაპარაკობდეს რუსეთის, ჩინეთის ან სხვა ავტორიტარული ქვეყნების წარმომადგენლებზე. რით ხსნით საქართველოს ხელისუფლების მსგავს გაუცხოებას და კონფრონტაციას დასავლეთთან?

— ვისურვებდი, ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს. მე არ ვიცი, რა ხდება ამ ადამიანების ტვინებში, მაგრამ საქართველოს ყოფილი მოკავშირეები — ამერიკელები და ევროპელები — ასე განვმარტავთ: მათ ამოაყირავეს სურათი, თუ ვინ არის მეგობრები და ვინ — მტრები. ადრე მოკავშირეები ვიყავით, ახლა მტრებად მოგვიაზრებენ. ეს მინახავს სხვა ქვეყნებშიც, სადაც მთავრობა ებრძვის დემოკრატიას. მათ აღიზიანებთ ხალხი, ვინც დემოკრატიისკენ უბიძგებს. აღიზიანებთ, რომ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიუთითებენ ხარვეზებზე, დემოკრატიულ უკუსვლაზე, სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე. თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც არ სურს დემოკრატია, არ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ამაზე მიგითითებენ. არის გარკვეული ღირებულებები, რომლებიც უნდა დაიცვა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი. „ქართული ოცნების“ მთავრობა არ აკმაყოფილებს ამ ძირითად ღირებულებებს. თუმცა მე არ მესმის, რა საჭიროა ასეთი უმწიფარი რიტორიკა? ძალიან არაპროფესიონალურია ადამიანებზე ასე საუბარი. მე ნამდვილად არასდროს გამოვიყენებდი ასეთ რიტორიკას.

— გლობალური ომის პარტიას მივუბრუნდეთ…

— დიახ, ამ ტერმინს შევეჩვიეთ. ნამდვილად არ მესმის, როგორ არის შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტია. გლობალური ომის მხოლოდ ერთი პარტიაა და ეს არის რუსეთი. ისინი არიან სუვერენულ ქვეყნებში შემოჭრილი, ჩვენ არ ვახდენთ საქართველოს ოკუპაციას. უკიდურესი ანომალიაა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთს კი არა, გლობალური ომის პარტიას უწოდებს მოკავშირეს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს; ამზადებს მის სამხედროებს; უნდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სუვერენული, დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო. ვუბრუნდებით შემოტრიალებას, როცა ადრინდელ მეგობრებს ახლა მტრებად აღგვიქვამენ. ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს. ქართველ ხალხს სურს დემოკრატიის და დასავლეთის ნაწილად ყოფნა.

– ქართველ ხალხს შეიძლება არ სჯერა გლობალური ომის პარტიის, მაგრამ ომის შიში რეალურია. როგორ უნდა ვუპასუხოთ შიშებს?

— მართალი ხართ. ომის შიში ძალიან დამაჯერებელი გზავნილია. როცა „ქართულ ოცნების“ ნარატივია, რომ იქნება ომი ან რომ ოკუპირებული ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკის გარეშე, მე მესმის, რა არის ქართველების შფოთვის საფუძველი. თუმცა ეს ტყუილი ნარატივია. რთული სამუშაოა ჩასატარებელი იმ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება დაუცველები იყვნენ ამ ტიპის გზავნილების მიმართ ან სჯერათ, რომ შეერთებული შტატები უბიძგებს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. და ეს არის ინფორმირებულობის და განათლების საკითხიც. მნიშვნელოვანია ამ გზავნილებთან დაპირისპირება და იმის თქმა, რომ რეალურად, ევროპასა და ნატოსთან სიახლოვით მცირდება საქართველოს ძალადობრივ კონფლიქტში ჩართვის შანსი. მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო მიღწევადია დასავლური გზით, ვიდრე კრემლთან და პუტინთან კავშირით. უნდა შევახსენოთ, ვინ არის ოკუპანტი. დიახ, რთულია ამ ნარატივთან დაპირისპირება, რადგან შიში შეიძლება ეფექტური კამპანიის ტაქტიკა იყოს ყველგან, მათ შორის ჩემს ქვეყანაში. მე არ მაქვს საუკეთესო გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საჭიროა მკაფიო გზავნილები და ახსნა, რას წარმოადგენს ევროკავშირი და ნატო. არავინ ახდენს საქართველოზე ზეწოლას, რომ ომში ჩაერთოს. არავის სჭირდება მორიგი ომი. ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ომს ამ რეგიონში, რუსეთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი