ახალი ამბები

“ქართული ოცნება” NDI საქართველოს დირექტორს უპირისპირდება

29 იანვარი, 2018 • 1907
“ქართული ოცნება” NDI საქართველოს დირექტორს უპირისპირდება

“ქართული ოცნების” წევრები NDI საქართველოს დირექტორს, ლორა თორნტონს 24 იანვარს “ფეისბუკზე” დაწერილი სტატუსის გამო აკრიტიკებენ და მოითხოვენ, ბოდიში მოიხადოს, თორნტონი კი ამას არ აპირებს.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედთან” 23 იანვარის ინტერვიუს შემდეგ ლორა თორნტონის მიერ “ფეისბუკის” პირად გვერდზე დაწერილ განცხადებას.

“იმედის ჟურალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, აშშ-ისა და რუსეთის შეიარაღებაზე გამოკითხვაში ჩადებული კითხვით NDI რამენაირად ხომ არ ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი დიდი ალბათობთ ვერ იპოვის რუკაზე საქართველოს, არათუ თვალს მიადევნებს აქაური საზოგადოების აზრის გამოკითხვას. მაგრამ მომწონს ვარაუდი, რომ ჩვენ ასეთი დიდი გავლენა გვაქვს,”- დაწერა ლორა თორნტონმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კასპის მაჟორიტარმა, “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა 29 იანვარს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ლორა თორნტონისგან ბოდიშის მოხდა მოთხოვა.

“ეს ირონიული კომენტარი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზედაც კი შეუძლებელია… მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-ისა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს,” – ამბობს მეზურნიშვილი.

თორნტონი გააკრიტიკა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც:

“თუ მას თავის ქვეყნის პრეზიდენტის გაკრიტიკება სურს, ამის საშუალებად მან არ უნდა გამოიყენოს ქართველი ჟურნალისტის კრიტიკა და დაცინვა, როგორც მას გამოუვიდა, არ უნდა გამოიყენოს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და ეს ნამდვილად არ იყო მისი მხრიდან კორექტული განცხადება,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თორნტონის მიმართ ასევე კრიტიკული იყო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” ლიდერი ირმა ინაშვილი:

“აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ბატონმა ტრამპმა გადასარევად იცის, სად არის საქართველო. ის, რომ ქალბატონ ლორას არ ევასება ტრამპი, ჩვენ ვიცით, მაგრამ ამან ჩრდილი არ უნდა მიაყენოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს,”- განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება “ოცნებისა” და “პატრიოტების” კრიტიკას:

“NDI-ის დირექტორის განცხადება წარმოადგენდა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას ამერიკის მოქალაქის მხრიდან და არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის კრიტიკას. თუკი რამემ დააზარალა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის ქართული ოცნების ხუთწლიანი პოლიტიკა დეკლარირებული, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დისკუსიის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის,”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ ეს სიმბოლური გამოთქმაა და პოლიტიკოსებს ალეგორიების სწორად გაგება უნდა შეეძლოთ.

“ესე იგი არსებობს რაღაც ეჭვები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან სწორად, რომ საქართველო უფრო ჩანდეს მსოფლიო რუკაზე,”- განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტელეკომპანია “იმედმა” ლორა თორნტონს ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

“მე ვარ ამერიკის მოქალაქე, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე, ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ,”- განაცხადა ლორა თორნტონმა “იმედთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი