ახალი ამბები

მოწმის სტატუსით დაკითხულებს არ განუმარტეს, რომ მოწმეები იყვნენ

27 აგვისტო, 2013 •
მოწმის სტატუსით დაკითხულებს არ განუმარტეს, რომ მოწმეები იყვნენ

სოფელ ჭელის მცხოვრები სელმან ჩიგოძე, რომელიც დაკავებული ძმების, დავით და ბადრი ჩიგოძეების მამაა, ამბობს, რომ გუშინ, 26 აგვისტოს, ჭელაში მომხდარი ინციდენტისას მხარეების გაშველებას ცდილობდა და ამ დროს პოლიციელებმა სხვა პირებთან ერთად დააკავეს. იგი ჯერ ადიგენის პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 

 

ჩიგოძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მას მიაჩნდა, იგი სხვებთან ერთად დააპატიმრეს. თუმცა ახალციხეში ჩაყვანის შემდეგ უთხრეს, რომ იგი პოლიციაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. 

 

“ხალხს მოვუწოდებდი, რომ გაჩერებულიყვნენ. ვიდექი და ვყვიროდი: “გაჩერდით ხალხო.” ამ დროს ჩამაგდეს მანქანაში და წამომიყვანეს ჯერ ადიგენში, შემდეგ ახალციხეში. ახალციხეში დამკითხეს და მითხრეს, რომ მოწმე ვიყავი. ჩემთვის თავიდან არ უთქვამთ, რომ მოწმე ვიყავი, როცა აქ ჩამომიყვანეს, მერე მითრეს,”- განაცხადა ჩიგოძემ და განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ მოწმეს მისი სტატუსის შესახებ წინასწარ უნდა განემარტოს. იურისტის თქმით, მოწმის სტატუსით დაბარებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა საკითხზე და ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. 

 

“ადამიანმა თვაიდანვე უნდა იცოდეს, თუ რა სტატუსით იბარებენ. როგორც ამ შემთხვევაში ირკვევა, ასეთი რამე არ იკვეთება. ირკვევა, რომ თურმე მოწმის სტატუსით იყვნენ დაკითხულები. ამასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება, რის საფუძველზე იყვნენ ეს ადამიანები დაკავებული, რის საფუძველზე დაკითხეს. გამოდის, რომ ეს ადამიანები არიან ვიღაც კონკრეტული პირის წინააღმდეგ მოწმეები, თუნდაც საკუთარი შვილების. პროცესუალურად ეს ასე არ შეიძლება ნამდვილად,”- განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა. 

 

“ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვებით, იკვლევდა თუ არა შსს სოფელ ჭელაში პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰაერში გასროლის ფაქტებს, ასევე, მოწმის სტატუსით დაბარებულ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, ვის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას. 

 

“ჩვენი კომენტარი ამ საკითხზე არის ის, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით”- განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

 

სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის დემონტაჟი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააპროტესტეს, რის გამოც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 19 ადამიანი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10 ადამიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს, 6 პირს 400-400 ლარიანი ჯარიმები დაუწესეს, ხოლო 3 მოქალაქეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით სასამართლოს წინაშე წარდგომას ელიან. სასამართლო დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს. საპროტესტო აქცია სამხარეო სამმართველოს შენობის წინ დაშლილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი