როგორც ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, ის აფხაზებთან და ოსებთან ჩატეხილ ხიდს აღადგენს:

„მე აქ რომ შემოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვინც დამხვდა, იყო ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მე სოხუმიდან ვარო, მე მინდა ამ ქალბატონს ვუთხრა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმში. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები შემოვირიგოთ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ხალხს არაფერი ერთმანეთთან გასაყოფი არ აქვს. მე შევძლებ გავაკეთო ის, რომ აღვადგინო ის ჩატეხილი ხიდი აფხაზებთან და ოსებთან, მე შევძლებ იმას, რომ ამ დიალოგში ჩავრთო რუსეთიც და მივაღწიო იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი და სანუკვარი ოცნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება აუცილებლად მიღწეული იქნას და გამოვასწოროთ ის უბედურება, რაც დაგვატყდა თავს.“
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერ აღადგინა სამართლიანობა:
„სამართლიანობა არ არის მარტო ვინმეს დაჭერა, ესეც არის, თუ სამართლიანად იჭერ. სამართლიანობა არის სოციალური სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობა არის ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, სამართლიანობა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ექიმთან მისვლის არ ეშინოდეს, რამდენი ლარის წამალს გამომიწერს, ალბათ ვერ ვიყიდო. სამართლიანობა არის ის, აქ რომ ახალგაზრდები არიან, მათ შეძლონ განათლების მიღება და შემდეგ საკუთარ სამშობლოში სამუშაო ადგილების პოვნა. ამის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შიდა რესურსიც და ინტელექტუალური რესურსიც. ჩვენი ერი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერია მსოფლიოში, ჩვენ ეს არ უნდა დავკარგოთ, თუმცა დღეს ეს იკარგება, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს არ ვასწავლით ხარისხიანად და ახალგაზრდებს არ აქვთ უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა.”
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანას არ ყავს ეფექტური ხელისუფლება:
„1 წლის განმავლობაში ჩვენ არ ველოდებოდით „ქართული ოცნების“ მხრიდან მახინჯ კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ ხმა არ მიგვიცია კოჰაბიტაციისთვის, ჩვენ ხმა მივეცით სამართლიანობის აღდგენას, ჩვენ ხმა მვიეცით იმას, რომ ქართველ ადამიანებს ღირსება აღვედგინა „ნაციონალური მოძრაობის“ თავიდან მოშორებით, და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჭკუას ტელევიზიიდან გოკა გაბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, აკო მინაშვილი, ბოკერია და ჩიორა თაქთაქიშვილი გვასწავლიან. ამისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ. როცა დღეს მე ბატონი მარგველაშვილი მეუბნება, რომ კოჰაბიტაციას 27 ოქტომბერს დავამთავრებო, მე მისი არ მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდი ადამიანი არ არის. მათ უკვე ჩვენ დანაპირები არ შეგვისრულეს. კოჰაბიტაცია არც უნდა დაწყებულიყო, სამართლიანობა უკვე უნდა აღმდგარიყო. იმის ნაცვლად, რომ პატივცემულ მინისტრებს „ნაციონალების“ ისედაც უსაშველოდ გაზრდილი ხელფასები კიდე გაეზარდათ და 10 და 15 ათასი გაეხადათ, შეეძლოთ ელემენტალური პრობლემები მაინც მოეგვარებინათ ადამიანებისათვის, თუნდაც სოციალურად დაუცველებისათვის,თუნდაც იმ დევნილებისათვის, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების პირობებში არიან.“
„მე ოქროს მთებს ნამდვილად ვერ დაგპირდებით და ვერც ოქროს წვიმას, მაგრამ ამას არც არავინ არ ითხოვთ. მე დაგპირდებით იმას, რომ ქვეყანა დადგება სწორ გზაზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე სიტყვებით, ჩვენ არაერთხელ დავუშვით შეცდომა, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას ჩავუგდეთ ხელში მთლიანი ძალაუფლება და ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ.
როგორც გია ბურჯანაძემ დღევანდელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნინო ბურჯანაძის არჩევის შემთხვევაში, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები:
„თითქმის სრულიად საქართველო გამოვედით და ვუთხარით „ნაციონალურ მოძრაობას“ არა, მაგრამ მივიღეთ საპასუხოდ პარლამენტი, სადაც კოალიციაში „რესპუბლიკელები“, „ნაციონალები“, ალასანიის პარტია, ჩახუტებულები ერთად, კოაბიტირებულები, კვლავაც განაგრძობენ ქვეყნის დაქცევას. არაფერი არ გაკეთებულა 10 თვის მანძილზე ისეთი, რაც ოდნავ მაინც დაეტყობოდა საქართველოს.“
რაც შეეხება ქუთაისის ფუნქციას, თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ის საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გახდეს:
„არა მგონია, ქვეყანას როდესმე ასე უჭირდა, როგორც უჭირს დღეს სულიერად, მატერიალურად. უჭირს ყველა ოჯახს, უჭირს ყველა სოფელს, უჭირს ყველა რაიონს, ქალაქს. უჭირს ქუთაისს და ვიღაცამ კანფეტი გადმოაგდო აქ , პარლამენტი, და ჰგონია, რომ ეს არის გადარჩენა. ჩვენ ქალბატონ ნინოსთან გვაერთიანებს ისიც, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. ქუთაისში უნდა გადმოვიდეს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი უნდა გათავისუფლდეს იმისაგან, რაც ზედმეტია და ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გახდეს. ქუთაისი უნდა გახდეს დიდი ბიზნესის ქალაქი, 300-400 მილიონი დოლარია საჭირო იმისათვის, რომ ქუთაისში პრაქტიკულად საძებნი გახდეს დაუსაქმებელი ადამიანი”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.





![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



