ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე განახლდა. ბრალდების მხარის პირველი მოწმე, რომლის დაკითხვაც სასამართლო პროცესზე მოხდა, ავთო ადუაშვილის დედა, ლარისა ეფრემიძე იყო. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. 

 

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ბრალდებულმა ვახტანგ ჩხაპელიამ თავი შეუძლოდ იგრძნო. ვახტანგ ჩხაპელიამ მოსამართლეს დარბაზის დატოვება ავთანდილ ადუაშვილის დედის,  ლარისა ეფრემიძის დაკითხვის მიმდინარეობის დროს სთხოვა. 

 

პროკურორ ნინო აღლემაშვილის  განცხადებით, სასამართლომ მისი შუამდგომლობები დააკმაყოფილა:”ჩვენი შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ  უნდა დაიკითხოს გარდაცვლილი ანტონ ადუაშვილის დედა ლარისა ეფრემიძე. ასევე უნდა დაიკითხოს სასამართლო პორცესზე გარდაცვლილის ძმა მევლუდ ადუაშვილი. რაც შეეხება სოსო პავლიაშვილს, ის ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ანტონ ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულად არ არის ცნობილი, თუმცა საქმეში არის მტკიცებულებები, სადაც მისი გვარი, დღესაც მათ შორის, სასამართლო პროცესზე გაიჟღერებს. ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და არ არის გამორიცხული სხვა ადამინების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.   “

 

ბრალდებულების ადვოკატი ლევან ჯავახაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი თავს დამნაშავედ არ სცნობს:”პროკურატურა პირდაპირ მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, სავარაუდოდ, ის აპირებს ირიბი მტკიცებულებების წარდგენას. ჩვენ სასამართლოს მიმდინარეობისას გაგვიჩნდება შემხვედრი კითხვები. ვნახოთ, პროცესის ბოლოს ალბათ გამოიკვეთება ის პირდაპირო თუ არაპირდაპირი ნიუანსები, რაც უშუალოდ ბრალდებასან არის შემხებლობაში. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. ჩვენ აპელირებას გავაკეთებთ ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უსუსურებაზე და შემდგომ წარმოვადგენთ ჩვენს მტკიცებულებებს და დავადასრურებთ მათ უდანაშაულობას. მერწმუნეთ, რომ გამოკვლეული მასალებიდან ყველა დარწმუნდება, რომ სოსო პავლოაშვილს დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.”

 

ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა. 

 

2012 წლის 24 ნოემბერს,  საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა. 

 

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ავთანდილ ადუშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს, თუმცა მომღერალ სოსო პავლიაშვილის მიმართ არანაირი დევნა დაწყებული არ არის.

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმეს, რომელიც ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას უკავშირდება, კარგად იცნობს და სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით საქმეში კითხვები არსებობს:

 

“ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალადევიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. ადუაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლიაშვილთან, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიება. თუკი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვარ მზად მას პირადად შევხვდე”, – განაცხადა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს გორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *