ახალი ამბები

არასამთავრობოები: “ბასიანის” ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს

20 იანვარი, 2018 •
არასამთავრობოები: “ბასიანის” ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლუბ “ბასიანთან” მომხდარი დაჭრის საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს.

“განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას,”- წერია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციებმა 20 იანვარს გაავრცელეს.

13 იანვარს კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კლუბის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე.

როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, ორი პირის დაჭრის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის დანაშაულებში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ინფორმაციისთვის, ბადრი შონია იგივე მოსამართლეა, ვინც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჯგუფ „ბირჟა მაფიის” წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტი. ასევე საინტერესოა, მოცემულ მომენტში, რის საფუძველზე გამორიცხა მოსამართლემ დანაშაულის განმეორების შესაძლებლობა ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ და რაზე დაყრდნობით შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას გირაოს შეფარდების თაობაზე მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეცვალა.

საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული  „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას, საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი,“- აცხადებენ ორგანიზაციები.

მათივე განცხადები, შერჩევით მართლმსაჯულებასა და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გასაქარწყლებლად აუცილებელია საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება.

განცხადებას ხელა აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საფარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მასალების გადაბეჭდვის წესი