ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ჟურნალისტს ინფორმაცია დაუმალა

16 ოქტომბერი, 2025 •
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ჟურნალისტს ინფორმაცია დაუმალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევად აღიარა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჟურნალისტ რამინ დეკოს (ჯაბრაილზადე) 2012 წელს გაგზავნილი ინფორმაციის მოთხოვნის უგულებელყოფა.

2012 წელს რამინ ჯაბრაილზადემ (დეკომ) პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართა თხოვნით, მიეწოდებინათ იმ ცნობილი პირების სია (მოქმედი ან ყოფილი ხელოვანები, სპორტსმენები და ჩინოვნიკები), რომლებმაც ბრძანებებით მიიღეს საცხოვრებელი ფართები, ასევე, ინფორმაცია იმ ფინანსურ წყაროებზე, რომლითაც ეს ბინები შეიძინა სახელმწიფო. გარდა ამისა, ჟურნალისტი დაინტერესდა, ფლობდა თუ არა სახელმწიფო სხვა საცხოვრებელ ფონდებს და ჰქონდა თუ არა ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება, ეს ფონდებით განეკარგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტის წერილს არ უპასუხა. ამის შემდეგ ჯაბრაილზადემ სასამართლოს მიმართა, თუმცა ადგილობრივმა ინსტანციებმა მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც მან საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიტანა.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჟურნალისტი ასრულებდა „საზოგადოებრივი კონტროლის“ ფუნქციას და მოთხოვნილი ინფორმაცია აუცილებელი იყო მისი პროფესიული საქმიანობისთვის. გარდა ამისა, სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია შეეხებოდა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემას – სახელმწიფო ბინების განაწილებას ბიუჯეტის ხარჯზე.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედება „არ იყო კანონის შესაბამისად განხორციელებული“ და წარმოადგენდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება) მუხლების დარღვევა.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში თავად დარღვევის ფაქტის დაფიქსირება საკმარისია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ამიტომ კომპენსაცია არ შეუფარდებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი