ახალი ამბები

კლუბ “ბასიანზე” დაცვის წევრებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

15 იანვარი, 2018 •
კლუბ “ბასიანზე” დაცვის წევრებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

პირი, ვისაც ბრალად ედება კლუბ “ბასიანზე” სამი პირს დაჭრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა  და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ 13 იანვარს ბასიანზე მომხდარის შედეგად დაკავებულ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს წარდგენილი, კერძოდ, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა პოლიციელის მიმართ) მუხლებით.

სასამართლოში ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. პროკურატურამ მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

კლუბ “ბასიანის” თანადამფუძლებელი, ნაჯა ორაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია.

“13 იანვარს უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ, რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო. სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! – გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს, რომ მათი პრივილეგიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას,”- წერს ნაჯა ორაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი