ახალი ამბები

სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ერთ პირი დააკავეს, თუმცა, არა მკვლელობის ბრალდებით

17 იანვარი, 2018 • 2826
სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ერთ პირი დააკავეს, თუმცა, არა მკვლელობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ე.წ. “სტამბოლის ბაზრობის” დირექტორისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ერთი პირი დააკავა. სამსონ ქუთათელაძე ასევე გენერალი და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი იყო.

უწყების ცნობით, ამ საქმეზე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა, შენახვა, დამზადების და გასაღების მუხლია. შსს-ში აცხადებენ, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ.

“მას ბრალი წარუდგინეს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც უკანონოდ ე.წ. ვაზნების შენახვას ითვალისწინებს. აბსოლუტურად სხვა საქმეზე დაკითხეს, როდესაც მისი სახლში გაჩხრიკეს. ეს არ არის მისი სახლი, ის ეკუთვნის მის მშობლებს. შესაბამისად, ამოიღეს ვაზნები. დღეს ასევე გამოკითხეს მისი მშობლები და ოჯახის წევრები, სადაც დაადასტურეს, რომ ნამდვილად აღნიშნული ვაზნები ეკუთვნის მამამისს კანონიერად. გარკვეული პერიოდის განმავალობაში ფლობდა იარაღს და სწორედ ამ იარაღის ვაზნებია ეს”,- ამბობს დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, “სტამბულის ბაზრობის” დირექტორი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, საღამოს, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი