ახალი ამბები

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

12 ივნისი, 2020 • 917
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული რუსთავის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის ნაწილში გაამართლა, იარაღის უკანონო ფლობისთვის კი 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი შსს-მ 2018 წლის 8 აგვისტოს დააკავა. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მიმდინარე  წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა.

შსს-ში აღნიშნავდნენ, რომ შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

დაკავებული გენერალ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.  უწყებაში ასევე ამბობდნენ, რომ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობდა, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი