
მანდატურის თანამშრომლებმა აქციის მონაწილე რამდენიმე პირს მოუწოდეს, რომ კანონის შესაბამისად, აქცია გამართონ სასამართლოს ეზოდან 20 მეტრში და არა სასამართლოს ეზოში, რადგანაც სასამართლოს ეზო სასამართლოს ნაწილია.
ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯინაშვილმა დღეს, 13 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, “ იმის გამო რომ პროკურატურას სამხილები არა აქვს, ის ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ გეგმავს საწინააღმდეგო კამპანიას, პროვოკატორები მოყავს სასამართლოში, და მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებიდან პროკურატუტურა ცდილობს შავი პიარი ააგოროს”. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია ტელევიზიები. მისივე თქმით, საქმის განხილვა დღეს დასრულდება, თუმცა უცნობია, მოსამართლე როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბაჩო ახალაიას გარდა ბრალი წაუყენეს შემდეგ პირებს: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე -პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, თავდაცვის სამინისტროს სამთო- სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე.
პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, 2012 წლის აგვისტოში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აწამეს 7 პოლიციელი იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე, კერძოდ, ცემეს ჯაჭვებითა და ჯოხებით, ეძახდნენ მოღალატეებს, აგინებდნენ, გააშიშვლეს და გარკვეული დროით ჩაკეტეს გისოსებიან შენობაში, გარდა ამისა, ორმოში ჩაყარეს და ზემოდან მიწა დააყარეს.
ბრალდებულები აცხადებენ, რომ პროკურატურა ცრუობს, რადგან აღნიშნული პოლიციელები გადიოდნენ ჩვეულებრივ, მკაცრ წვრთნას, რაც გათავლისწინებული იყო შესაბამისი პროგრამით, უბრალოდ, ეს ადამიანები წვრთნისთვის ფიზიკურად არ აღმოჩნდნენ მზად. ისინი ასევე არ ადასტურებენ დამამცირებელ მოპყრობას დაზარალებულებისადმი.







