ახალი ამბებისამართალი

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება

10 იანვარი, 2018 • 2202
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება

პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.

მაჩალიკაშვილი, რომელიც 26 დეკემბერს, დაკავების დროს, სამართალდამცველებმა თავში დაჭრეს, დღეს, 10 იანვარს გარდაიცვალა.

ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ნიკოლეიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, თავდაპირველად გარდაცვლილის ოჯახის წევრები წინააღმდეგი იყვნენ ექსპერტიზის ჩატარების, თუმცა საბოლოოდ დათანხმდნენ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზაში ნიკოლეიშვილის მონაწილეობას დათანხმდა პროკურატურაც.


მოვლენების ქრონოლოგია: 

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი