ახალი ამბები

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მთაში დაკარგულ მოლაშქრეებს გაემიჯნა

11 აგვისტო, 2013 • • 2434
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მთაში დაკარგულ მოლაშქრეებს გაემიჯნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოყვარულ მოლაშქრეთა ჯგუფმა  წალენჯიხის რაიონში მდებარე „ჭითაგვალას“ მწვერვალისკენ სვლა ორი დღის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციის თანახმად, 3200 მეტრზე ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი დაგორდა, რის გამოც მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები მიიღო და სასწრაფო შველას საჭიროებდა. ექსპედიციის სხვა წევრებმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მთაში დაშავებული მოლაშქრე და მისი მეგობარი დღეს, 11 აგვისტოს იპოვეს.

 

ტობავარჩხილის ტბა
ტობავარჩხილის ტბა

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ გევრდზე, “ფეისბუქში” გამოქვეყნდა ამავე ფედერაციის ხელმძღვანელის, ხვთისო ტურძილაძის განცხადება:

“ჭითაგვალას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი შემთხვევები დაუდევრობისა თუ უცოდინრობის გამო ხშირად გვხვდება მთელი ქვეყნის მაშტაბით. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას სრულიად სამართლიანად ვირიდებთ. დაკარგული ადამიანები არ იყვნენ ფესტივალ “ტობას” მონაწილეები და არც ფედერაციაში შემავალი რომელიმე მოლაშქრეთა კლუბის წევრები. ჩემი აზრით ამ ფაქტის გამუქება საინფორმაციო საშუალებების მიერ და ფესტივალ “ტობაზე” მიბმა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ბრძოლებთან. 

მივიჩნევ, რომ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია ფესტივალ “ტობა 2013”-ის შესახებ არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილის, არამედ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვიკაციაა.

მოგახსენებთ, რომ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაციაა ორიენტირებული ლაშქრობის პოპულარიზაციაზე. მე პირადად დავპატიჟე ფესტივალზე ძველი თუ ახალი მთავრობის ბევრი წარმომადგენელი და უარის თქმა პრეზიდენტისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წამოსვლა საზოგადოების ნაწილში უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, სრულიად უტაქტო და უზნეო საქციელი მგონია.

ლაშქრობა არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ფესტივალი ძალიან კარგად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კონტაქტი არ არსებობს ცივილიზაციასთან, მონაწილეებს პრობლემა არ შექმნიათ და თავს კარგად გრძნობენ. ლაშქრობის განმავლობაში პრეზიდენტმა ფეხით გაიარა 42 კილომეტრი მოლაშქრეებთან ერთად. ღამე დაიძინა კარავში და საბანაკე სივრცის მოწყობაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი თითოეული საქციელი მოწმობდა, რომ ლაშქრობა ყოველდღიური ცხოვრების დავიწყების ბრწყინვალე საშუალებაა. პრეზიდენტი ფესტივალს 2 დღით შეუერთდა.

სააკაშვილმა ლაშქრობის პოპულარიზაციის საკუთარი ხედვაც გამაცნო და ფედერაცია აჭურვილობითაც მოამარაგა.

მოხარული ვარ მისი გადაწყვეტილებით და მოვუწოდებ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ცხოვრების საუკეთესო საშუალების პოპულარიზაციაში”.

 

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის აღნიშნულმა განცხადებამ “ფეისბუქის” მომხარებელთა ნაწილში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.

 

“თქვენ ლიჟბი თავი დაიძვრინოთ ყველაფრიდან და ყველას გატენოთ თქვენი გზამკვლელები მეტი არაფერი იცით, ადამიანები 2 დღეა არვიცით სად არიან როგორ არიან რას აკეთებენ და რეპუტაციას უფრთხილდებით საგულდაგულოდ”, – წერს ერთ–ერთი მომხარებელი ფედერაციის განცხადების პასუხად მათსავე გვერდზე.

 

რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, ის უკვე დაბრუნდა ლაშქრობიდან და დღეს, 11 აგვისტოს, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბათუმის პორტში შემოსულ ამერიკულ ხომალდს ეწვევა. პრეზიდენტის ლაშქრობაში მონაწილეობის ამსახველი ფოტო მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ საკუთარ გვერდზე, “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

სააკაშვილი ლაშქრობისას
სააკაშვილი ლაშქრობისას

მასალების გადაბეჭდვის წესი