წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში, სადაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. დავით სერგეენკო დაესწრო 3 იანვარს გამართულ კონსილიუმს, რომელზეც მედიკოსებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უცხო ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. კონსილიუმზე დაჭრილის ოჯახის მიერ მოწვეული ნეიროქირურგიც იმყოფებოდა.
სერგეენკოს განცხადებით, დღეს დაგეგმილ კიდევ ერთ კონსილიუმზე უნდა გადაწყდეს, გადაიყვანენ თუ არა პაციენტს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში.
“დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი და კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული.
შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა 3 იანვარს განაცხადა, რომ პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება:
“პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები გასული დღეების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. კვლავ რჩება მართვით სუნთქვაზე. არის კომატოზური მდგომარეობა. გრძელდება მკურნალობა და გამოკვლევები გეგმის მიხედვით”.
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება, რომელთანაც ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.
“დღეს ბრალდების მხარე ასევე ჩაატარებს ექსპერტიზას, მოხდება ადგილის დათვალიერება, რასაც დაესწრება ჩვენი ადვოკატი. ეს მოხდება მხოლოდ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტიზას, ხელშეკრულება გაფორმდება დღეს, არაუგვიანეს, ხვალ. ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ნივთებს, ოთახს თავდაპირველ პოზიციაში, რომ არ მოხდეს სახეცვლილება, თუმცა, რაც დრო გადის, ეს მეტად რთულდება”, – აღნიშნა კუბლაშვილმა. კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ:
- 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
- 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი;
- უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
- დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
- სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.