ახალი ამბები

სერგეენკო: არ ვიცით, საქართველოში ონკოლოგიას კარგად მკურნალობენ თუ ცუდად

7 აგვისტო, 2013 • 1379
სერგეენკო: არ ვიცით, საქართველოში ონკოლოგიას კარგად მკურნალობენ თუ ცუდად

“ონკოლოგია განსაკუთრებით პრობლემური მიმართულებაა საქართველოს ჯანდაცვაში. დღეს ონკოლოგიაში არ გვაქვს არანაირი ობიექტური მონაცემი, რამდენად ეფექტურად იმართება ონკოლოგია. დღეს ეს სისტემა არ არის ორგანიზებული სისტემურად, არის დიფიზიური, გაფანტული და თითოეული ექიმის დონეზე წყდება პაციენტის მოვლა. ეს არის მიუღებელი. უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ სამკურნალო პროცესის ხარისხი გავზომოთ. აუცილებელი პირობაა, რომ ამ დარგშიც იყოს ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგილი. თეორიულად, ამის ინტერესი აქვს სახელმწიფოსაც და კერძო მმართველსაც, მაგრამ სისტემურად უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო ხარისხის მართვას. ჩვენ დღეს არ ვიცით, კარგად მკურნალობენ თუ ცუდად მკურნალობენ ონკოლოგიურ დაავადებებს,”- განაცხადა მინისტრმა დღეს, 7 აგვისტოს, მედიასთან შეხვედრის დროს.

 

მისი თქმით, ნაწილობრივ ეს “იმ განადგურებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარეა, რომელიც ქვეყანაში არსებობს ყოფილი ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის სახით.”

 

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის დაბრუნების საკითხზე. 

 

“საბედნიეროდ, სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ სწრაფად შევძლებთ ამ ინფრასტურქტურის განვითარებას. ლისის ტბის ტერიტორიაზე 27 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ყოფილი ეროვნული ონკოლოგიის ცენტრი ორი წლის წინ გადაეცა კერძო ინვესტორს, რომელმაც, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება. დასრულდა უკვე მათთან მოლაპარაკებების და ახალი შესაძლებლობების მიცემის ფაზა, შეწყდა მათთან არსებული ხელშეკრულება და დაწესებულება ისევ სახელწმიფოს მმართველობაში გადმოვიდა. ჩამოყალიბდა ახალი იურიდიული ერთეული, შპს “უნივერსალური ეროვნული ჯადაცვის ცენტრი”, რომელიც 2 თვის განმავლობაში გადმოიბარებს სრულ აქტივებს, მოძრავ და უძავ ქონებას, მოახდენს ინვენტარიზაციას და შეაფასებს. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ ამას არ მოჰყოლოდა სერვისების წყვეტა და ერთი საათითაც არ მომხადარიყო ჩავარდნა. “


სერგეენკოს განმარტებით, სამინისტრო უკვე სამეთვალყურეო საბჭოსაც აყალიბებს, რომლის შემადგნელობაშიც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ. აღნიშნული საბჭო დანიშნავს დირექტორთა საბჭოს, რომლის შემადგენელობაში 5 წევრი იქნება. თითოეული მათგანი ცალკეულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ეს მიმართულებები იქნება სამეცნიერო, კლინიკური, ფინანსური, პროექტების განვითარებისა და შიდა მენეჯმენტის. 


“ამ ყველაფერზე მე მქონდა საუბარი აშშ-ში ვიზიტის დროს. ისინი ჩამოვლენ  და დახმარებას გაგვიწევენ მმართველი გუნდის ჩამოყალიბებასა და სერვისების დაგეგმარებაში.”


რეაბილიტაცია უკვე შემოდგომაზე დაიწყება და მინისტრის შეფასებით, წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა დასრულდეს. 

 

27 ათას კვადრატული მეტრი ფართობის დაწესებულების რეაბილიტაციის ღირებულება დაახლოებით 27 000 000 ლარი იქნება. 

 

წამყვანი დარგი რეაბილიტირებულ დაწესებულებაში ონკოლოგია იქნება, თუმცა თავად დაწესებულება – მრავალპროფილური ტიპის.

 

“ამერიკის კიბოს ინსტიტუტის გუნდი ჩამოვა და შეფასებით სამუშაოს ჩაატარებს, რა ხდება ზოგადად ონკომიმართულებით ქვეყანაში. შემდეგ ის გაგვიწერს სტრატეგიას, რა უნდა გაკეთდეს, რა რესურსები გვიჭრდება, პერსონალის მომზადების საკითხებზე. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის სტრატეგიაზე მუშაობა უკვე უნდა დაიწყოს და მარტში უნდა დასრულდეს.”

 

სერგეენკოს თქმით, თვითმიზანი არ არის ის, რომ სახელმწიფოს მმართველობაში იყოს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი.


“გვინდა გავმართოთ სისტემა, ფეხზე დავაყენოთ, რომ პაციენტამდე მივიდეს ხარისხიანი და ხარჯთეფექტური მკურნალობა, შემდეგ უკვე შეიძლება კერძო მმართველობაშიც გადავიდეს.” 


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

მასალების გადაბეჭდვის წესი