ახალი ამბები

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

28 დეკემბერი, 2017 •
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი ამბობს, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ  ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების და საქართველოს ტერიტორიის დატოვების საფრთხე არსებობდა, რის გამოც სასამართლომ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა:

“სახელმწიფო ბრალდება მოითხოვდა ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას და სასამართლოს მიერ ეს სრულად იქნა დაკმაყოფილებული. ჩვენ მიერ დასაბუთებული იქნა ის გარემოება, რომ არსებობდა საფრთხე ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელებისა და საქართველოს ტეიროტირიის დატოვების, რაც სასამართლომ გაიზიარა. აქედან გამომდინარე, შეეფარდათ მათ პატიმრობა” – თქვა პროკურორმა.

ერთ-ერთი დაკავებულის, რუსლან ალდამოვის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატირმობა შეუფარდა ზურაბ გორნიკაშვილსაც. 

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ზურაბ გორნიკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი კი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მაჩალიკაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაურდგენიათ.

“რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და დაკავებული არ არის ბრალდებულის სახით. სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო ამ პიროვნების დაკავება და  ვერ მოხერხდა. შესაბამისად, რაიმე ვადა ბრალის წაყენების თაობაზე არ არსებობს” – ამბობს პროკურორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი