ახალი ამბები

გოგაშვილის თქმით, დღემდე არ დაუკითხავთ საქმეზე, რომლითაც მაჩალიკაშვილს ტერაქტის განზრახვას ედავებიან

25 მაისი, 2019 • 1671
გოგაშვილის თქმით, დღემდე არ დაუკითხავთ საქმეზე, რომლითაც მაჩალიკაშვილს ტერაქტის განზრახვას ედავებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თქმით, ის მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა.

საქმე ეხება 7 მაისს სუს-ის განცხადებასა და ფარული ჩანაწერი გამოქვეყნებას, რომლითაც ის ამტკიცებდა, რომ გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის, მათ შორის სოსო გოგაშვილის მკვლელობის თაობაზე. თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრალდებას უარყოფს.

გოგაშვილის თქმით, ის ამ დრომდე დაკითხული არ არის არც აღნიშნულ და არც პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ამაში მაჩალიკაშვილების ოჯახი დღემდე სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს და უარყოფს სუს-ის მტკიცებას, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას შეეცადა.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დაკითხეს ის ამდენ ხანს, გოგაშვილმა უპასუხა:

“არ ვიცი, გეგმა აქვს პროკურატურას თავისი. მიდიან თავისი გემის მიხედვით. მე ვერანაირად ვერ ჩავერევი და ვერ შევაწუხებ ზედმეტად”, – თქვა მან.

გოგაშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს, ამის ხელშეწყობაში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი