ახალი ამბები

51-ე სკოლასთან არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალდება დაუზუსტდათ

28 დეკემბერი, 2017 • 1823
51-ე სკოლასთან არასრულწლოვანთა მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალდება დაუზუსტდათ

პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან არასრულწლოვანების მკვლელობაში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა.

 გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც დამნაშავის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალის დაზუსტების შემდეგ არასრულწლოვნებს ბრალი ედებათ ორი ან მეტი პირის მიერ ჯგუფურად, დამნაშავისთვის წინასწარი შენცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში (სსსკ 109 “ბ” “ე”, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი