ახალი ამბები

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს

26 დეკემბერი, 2017 • 2066
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს

დღეს, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფლებში, დუისსა და ომალოში სპეცოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს, აქედან ერთი მძიმედაა დაჭრილი. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ადგილობრივებმა მიაწოდეს.

სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სპეცოპერაცია გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყო და დილის 9:00 საათამდე გაგრძელდა. მისი თქმით, სოფელ დუისში ორი ადამიანი დააკავეს – რუსლან ალხანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი.

რწმუნებული ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ტემირლან მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს, მას შუბლში აქვს მოხვედრილი ტყვია და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის [11:15 საათზე] ხეობა სპეცრაზმელებმა დატოვეს და მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება.

“ჯერჯერობით ხალხი შოკშია, არავინ არაფერი არ ვიცით… იმ უბნის მაცხოვრებლები ამბობენ, [სპეცრაზმელები] ღამის 4 საათიდან იყვნენო, გარეთ გამოსვლის საშუალება არ მოგვცეს. სანამ არ წავიდნენ. ოჯახიდან არ გამოვდიოდით, რა ხდებოდა არ ვიცითო… მაჩალიკაშვილის ოჯახიდან წივილ–კივილი ისმოდაო”, – ამბობს თამარ მარგოშვილი.

სოფელ ომალოს რწმუნებულმა ფეტიმათ ბაღაკაშვილმა კი გვითხრა, რომ ომალოში ერთი ადამიანი, ბადრი ჩოფანაშვილი დააკავეს. რწმუნებულის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებს ბევრი სახლი არ გაუჩრეკიათ, ისინი მხოლოდ ჩოფანაშვილის სახლში შევიდნენ.

ადგილობრივებმა არ იციან, თუ რას უკავშირდება ეს სპეცოპერაცია და კავშირშია თუ არა ბერი გაბრიელის გამზირზე 21 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებიათ. უწყებაში 12:00 საათზე ბრიფინგია დანიშნული, სადაც სავარაუდოდ ამ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუს–ი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. თუმცა, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, ამ დრომდე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ განუცხადებია. ძალოვან უწყებებს არც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლის შესახებ განუცხადებია, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი