“ჩვენ ველოდით, რომ ყველას მიმართ შეწყდებოდა საქმე და არ გადაეცემოდა არსებით განხილვას, მაგრამ მოსამართლემ იხელმძღვანელა ვიდეოკადრებით და მოწმეთა ჩვენებებით, და მან მხოლოდ ანთიმოზ ბიჩინაშვილის მიმართ შეწყვიტა საქმე. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იქ არის საუბარი, რომ მას ხელში ტაბურეტი ეჭირა და ავტობუსს ურტყამდა. ჩვენ ამაზე განმარტება გავაკეთეთ, მაგრამ მოსამართლემ დამაჯერებლად არ მიიჩნია. ჯერ ერთი, რომ მან გამოართვა ეს ტაბურეტი ვიღაცას, რომ სხვისთვის არ ჩაერტყა, და ის ავტობუსს ურტყამდა იმიტომ, რომ შეეჩერებინა ავტობუსი, რათა უფრო მეტი ხალხი გადაერჩინა , იქ ხალხი იყო და იყო საფრთხე, რომ ავტობუსს გადაევლო. ამ დროს მონაწილეები დიდი ხნის გასული იყვნენ იმ ადგილიდან და ვერც ავტობუსი, ვერც ტაბურეტიანი მამაო და ვერავინ უკვე ვეღარ შეუშლიდა ხელს”, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
დღეს, 1 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მღვდლის თამაზ ბიჩინაშვილის (მამა ანთიმოზი) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ხოლო დანარჩენი ოთხი ბრალდებულის საქმეზე, რომელთაგანაც ერთი სასულიერო პირია, არსებითი განხილვა 15 აგვისტოს ჩაინიშნა.

