ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბორდერიზაცია საქართველოში: შესაძლებელია თუ არა რუსეთის პოლიტიკასთან გამკლავება

25 დეკემბერი, 2017 •
ბორდერიზაცია საქართველოში: შესაძლებელია თუ არა რუსეთის პოლიტიკასთან გამკლავება

ლევან კახიშვილი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი

საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა ეს ფაქტი არ აღმოჩნდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ბოლო ეტაპი საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნულები დაამონტაჟეს, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩარევით, ეს ნიშნულები მალევე აიღეს. შესაბამისად, ბორდერიზაციის პროცესის ათვლის წერტილად ხშირად 2011 წელი განიხილება. აღნიშნული პროცესი გულისხმობს ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციასა და მიწათხრილებისა და ტრანშეების მოწყობას საოკუპაციო ხაზთან.

როდესაც ბორდერიზაციის მორიგი ინციდენტი ხდება, მედია აქტიურად აშუქებს მოვლენებს და საზოგადოების რეაქციაც იშვიათად აყოვნებს. თუმცა ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში შეინიშნება ბორდერიზაციის, როგორც პროცესის კონსტრუქციული და სიღრმისეული განხილვების ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ უშუალოდ რას მოიცავს ეს პროცესი, რა მიზანს ემსახურება და რა შეიძლება, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთოს მისგან გამოწვეული რისკების შესაკავებლად. ამ ყველაფერს კი მივყავართ იქამდე, რომ თავად სახელმწიფო ინსტიტუტებიც კი ვერ თანხმდებიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამ პროცესის არსი, არსებობს თუ არა რამე კანონზიმიერება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ხდება ბორდერიზაციის ინციდენტები და რატომ ხდება მაშინ, როცა ის ხდება. მსგავსი ერთიანი ხედვის არარსებობა ართულებს საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და საზოგადოებრივი მოლოდინების მართვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.

ბორდერიზაცია რიცხვებში: რასთან გვაქვს საქმე?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბორდერიზაციის პროცესმა ინტენსიური ხასიათი შეიძინა 2013 წლის თებერვლიდან. 2017 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანობაში, დაფიქსირებულია ბორდერიზაციის 30-ზე მეტი ინციდენტი, რომელიც მოიცავს 33 სოფელს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და დამატებით შვიდ სოფელს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვები, სავარაუდოდ, არასრულ მონაცემებს წარმოადგენს, რადგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შესაძლებელია არსებობდეს სხვა შემთხვევები, რომელთა შესახებ ინფორმაციაზეც საქართველოს მთავრობას ხელი არ მიუწვდება.

მთლიანობაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიამრთულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჯამში, დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, ამ შემთხვევაში შედარებით უფრო მოკლეა საოკუპაციო ხაზის მთლიანი სიგრძე და შეადგენს 145 კმ-ს, ხოლო უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 48 კმ-ს აღემატება.

რეალობა ის არის, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ზეწოლის ბევრი ბერკეტი ბორდერიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველაზე მნიშნელოვანი და სასურველი შედეგი – ბორდერიზაციის პროცესიის სრულად აღკვეთა – დღევანდელი გადმოსახედიდან უტოპიურად ჩანს, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ ეტაპზე საქართველომ რუსეთი აიძულოს, რომ ამ უკანასკნელმა არ გააკეთოს ის, რაც მას უნდა, რომ გააკეთოს. ამიტომ აუცილებელი ხდება ბორდერიზაციის პროცესის მიერ გამოწვეული პრობლემების, ერთგვარი გვერდითი ეფექტების შეკავება საქართველოს მთავრობის, საზოგადოებასთან სწორი და მიზანმიმართული კომუნიკაციის გზით.

ბორდერიზაციის პროცესის მიზნები

ბორდერიზაცია წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიაში ერთგვარ ტაქტიკას იმისათვის, რომ ოკუპაცია იყოს არა მდგომარეობა, არამედ – პროცესი. ამ ტაქტიკას რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გათიშვა საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისგან და საზოგადოებაში უკმაყოფილების ტალღის გამოწვევა, რომელსაც აქვს რეგულარული და მიზანმიმართული ხასიათი, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის, ხოლო, მეორე მხრივ, ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ.

საზოგადოების გახლეჩა

ქვემოთ მოცემულ რუკაზე მონიშნულია ის 33 სოფელი ცხინვალის რეიგონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომლებშიც დანამდვილებით ფიქსირდება ბორდერიზაციის შემთხვევები. რუკაზე წითლად არის მონიშნული საოკუპაციო ხაზი. ეს რუკა იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ ნათლად აჩვენებს, საოკუპაციო ხაზის რომელ მხარეს მდებარეობს თითოეული სოფელი, სადაც ფიქსირდება ბორდერიზაციის შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ მოცემული 33 სოფლიდან ოთხი მათგანი: წნელისი (აღიმართა ღობე), ახმაჯი (დამონტაჟდა მავთულხლართები), ოტრევი (დამონტაჟდა მავთულხლართი) და ორჭოსანი (დამონტაჟდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები) – მდებარეობს საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და რომელიც კონტროლდება საოკუპაციო ძალების მიერ. შესაბამისად, უცნაურია, რისთვის დასჭირდა საოკუპაციო ძალას უკვე ოკუპირებული სოფლებში მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება. ამ საკითხის ყველაზე გონივრული ახსნა იქნება ის, რომ საოკუპაციო ძალას არ სურს ოსი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და მჭიდრო კონტაქტი ქართველ მოსახლეობასთან.

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

ის, რომ ქართული და ოსური საზოგადოებების ერთმანეთისგან განცალკევება რუსული საოკუპაციო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, დამატებით კიდევ ორი გარემოებით დასტურდება. პირველი, ის ხელოვნური ბარიერები – ღობეები, თხრილები, მავთულხლართები – რომლებსაც რუსული მხარე აღმართავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, არ წარმოადგენს სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, რადგან მათ არ შეუძლიათ სამხედრო ტექნიკის შეჩერება.

შესაბამისად, მათი მიზანი ადამიანური კონტაქტების შეზღუდვაა. მეორე, მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვისი დაკავებაც უკანონოდ ხდება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან აგვისტოს ომის დასრულებიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი 1 109 ადამიანს შეადგენს, ხოლო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იგივე რიცხვი 1 842 ადამიანს უდრის (შენიშვნა: ამ მონაცემების ცდომილება ხუთიდან ათ პროცენტამდე მერყეობს). ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ცხინვალის მიმართულებით ყოველ მესამე დღეს ხდება უკანონო დაკავება, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით – ყოველ მეორე დღეს.

საზოგადოებრივი უკმაყოფილების ტალღები

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალოდ ყოველ ექვს დღეში ხუთი ადამიანის უკანონო დაკავება ხდება საოკუპაციო ხაზებთან და ყოველ სამ თვეში ერთხელ ბორდერიზაციის ახალი ინცდიდენტი გვაქვს სახეზე, მარტივია იმის წარმოდგენა, რა მოცულობის მედიაპროდუქტი იქმნება საქართველოში ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, თითოეული ახალი ცნობა იმის შესახებ, რომ უკანონოდ დააკავეს ადამიანი საკუთარ სამშობლოში, ან რომ მავთულხლართმა კერძო სახლის ეზოში გაიარა და კონკრეტულ ადამიანებს საკუთარი მამა-პაპის კარ-მიდამოს დატოვება მოიწიათ, საზოგადოებაში უკმაყოფილების დიდ ტალღას იწვევს.

უკმაყოფილების მსგავსი ტალღები ორი ძირითადი მიმართულებით კონცენტრირდება: პირველი, იწყება საქართველოს მთავრობის (ყოფილი თუ დღევანდელი) მწვავე კრიტიკა, თითქოს, ის არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსწორებისთვის, და მეორე, იწყება ნატოსა და ევროკავშირის კრიტიკა, თითქოს, ისინი უუნარო სტრუქტურებს წარმოადგენენ და არ შეუძლიათ ან არ უნდათ საქართველოს დახმარება. საზოგადოებრივი უკმაყოფილების ორივე მიმართულება ამყარებს რუსულ ნარატივებს და ემსახურება კრემლის ინტერესებს.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებელი უფრო ეფექტურად ან უფრო სწრაფად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხშირად საზოგადოებას არ ესმის და არც არავინ ცდილობს იმის ახსნას, რომ არ აქვს მნიშნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ეტაპზე ბორდერიზაციის პროცესის სრულად აღკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ ინფორმირებულობის ნაკლებობის შედეგია ის დაბნეულობაც, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. მაგალითად, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2017 წლის ივლისის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 16% ენდობა მთავრობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის მოგვარებაში, 40% არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო 28% შეკითხვას ვერ პასუხობს. ეს კი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს – საზოგადოებაში შიშისა და მღელვარების დანერგვით, ქვეყნის სათავეში მყოფი ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას და ხელი ეშლება მთავრობის ნორმალურად ფუნქციონირებას.

წყარო: NDI: Public Attitudes in Georgia, ივნისი 2017. ხელმისაწვდომია: http://caucasusbarometer.org/

გარდა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებისა, ბორდერიზაციის ინციდენტების შედეგად საზოგადოების განწყობა უფრო მარტივად მანიპულირებადი ხდება ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ. შესაბამისად, ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში, ერთგვარ ლეგიტიმაციას იძენენ იმისთვის, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურები „უუნარობაში“ ამხილონ და ხაზი გაუსვან რუსეთთან „კეთილმეზობლური“ ურთიერთობების აუცილებლობას. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძალისხმევაა საჭირო თუნდაც იმისთვის, რომ ბორდერიზაციის საკითხმა აქტუალურობა შეინარჩუნოს საქართველოს ურთიერთობებში დასავლელ პარტნიორებთან, მარტივად არის შესაძლებელი, რომ შევიდეს შეცდომაში და გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი.

ყოველთვის, როცა რუსეთი ახალ ფიზიკურ ბარიერებს აღმართავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ხოლო ნატო და ევროკავშირი ვერ ახერხებს მსგავსი ქმედებების შეკავებას, კრემლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, დასავლელ პარტნიორებს პირდაპირი დახმარების აღმოჩენა არ შეუძლიათ. ნატოსა და ევროკავშირის სისუსტეებისა და ხარვეზების გამოვლენა და რუსეთის ქმედებები საქართველოში დასავლური ალიანსის წინააღმდეგ რუსეთის უფრო ფართო კამპანიის გამოვლინებაა რეგიონულ დონეზე.

რის გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას?

საქართველომ თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომ თბილისს ჯერჯერობით არ გააჩნია არანაირი პირდაპირი ბერკეტი, გავლენა მოახდინოს მოსკოვის ქცევაზე საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორებთან მიმართებაში. შესაბამისად, საჭიროა მოქმედება შესაძლებლის ფარგლებში, რაც მოიცავს ოთხ უმთავრეს მიმართულებას.

პირველი, მთავრობამ უნდა გააგრძელოს ოკუპაციის შედეგად დაზარალებული პირების მხარდაჭერა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. მთავრობამ ასევე უნდა გაამარტივოს ქართული პასპორტის აღების პროცედურები იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ შეძლოს საჯარო სერვისებითა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობა.

მეორე, იმისათვის, რომ გამოიძებნოს არსებულ სიტუაციასთან გამკლავების მექანიზმები, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის შესასწავლად, თანმიმდევრული ოფიციალური პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და ერთიანი სამოქმედო გეგმის შესაქმნელად სახელმწიფომ შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რაც გაზრდის კოორდინაციას სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. სამოქმედო გეგმამ დეტალურად უნდა მოიცვას ყველა ის პროცედურა, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს ბორდერიზაციის ახალი ინციდენტის დადგომისას.

მესამე, უნდა შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც მიმართული უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირებაზე ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. სტრატეგიამ უნდა მიაღწიოს ორ მთავარ მიზანს: ზუსტად მოახდინოს საკითხის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; და დაუპირისპირდეს კრემლის ნარატივს, რომელიც საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. სტრატეგიამ უნდა მართოს საზოგადოების მოლოდინები როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ევროატლანტიკური სტრუქტურების დახმარებასთან დაკავშირებით.

ბოლოს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების პრაქტიკა ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით და უნდა დააკავშიროს ბორდერიზაცია უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე მსგავს მოვლენებთან. საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება შესაძლებელია ინფორმაციის სისტემურად და სისტემატურად მიწოდებითა და ბორდერიზაციის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებით.

ანგარიშებში აღწერილი უნდა იყოს წინა წლის მოვლენები და მოყვანილი იყოს ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები ბორდერიზაციის შესახებ. აღნიშნული მიდგომა შეამცირებს ინციდენტების ერთმანეთისგან განყენებულად ინტერპრეტირების შესაძლებლობას. ანგარიში უნდა დაეგზავნოს საელჩოებსა და სართაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა). ამასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინაციით, მთავრობამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა  იმისათვის, რომ ბორდერიზაციის, და მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, აისახოს საერთაშორისო რეზოლუციებსა და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში.

სახელმწიფომ ასევე უნდა მოახდინოს ანტიოკუპაციური პოლიტიკის უკრაინისა და მოლდოვასთან კოორდინაცია იმისათვის, რომ მოხდეს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ფორუმებზე. ეს საშუალებას იძლევა, ბორდერიზაცია მოექცეს რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ გატარებული აგრესიული პოლიტიკის უფრო ფართო ჩარჩოში.

ამ საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში სახეზე გვექნება საქართველოს მთავრობის უფრო ეფექტური სტრატეგია, რომელიც შეძლებს, შეამციროს ბორდერიზაციის პროცესით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური მდგომარეობისთვის.

* სტატია ეფუძნება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტს კორნელი კაკაჩიას, ლევან კახიშვილის, ჯოსეფ ლარსენისა და მარიამ გრიგლაშვილის ავტორობით, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ, ნახოთ აქ: „ბორდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი