კუს ტბაზე, “ციყვვების ტერიტორიაზე” ნერგები უკვე ამოღებულია და ერთ სატვირთოზეა მოთავსებული. ტერიტორია, რომელზეც შპს. “კოლორიტი” რესტორანს აშენებს, შემოღობილია. ნერგების ამომღები და ნერგების გადამტანი მანქანები შემოღობილ ტერიტორიაზეა შესული.
მოქალაქეებმა, რომლებიც ნერგების ამოღებას აპროტესტებენ, შემოღობილი ტერიტორიაზე შესასვლელი კარი საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს. მანქანები იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. შპს. “კოლორიტის” წარმოამდგენელმა პატრულს გამოუძახა. ადამიანები, რომლებიც ხეების ამოღებას აპროტესტებენ, “კოლორიტის” მფლობელთან შეხვედრას ითხოვენ.
ტეროტორიაზე მივიდა პატრული, რომელმაც განაცხადა, რომ მუშებს ხეების ამოღების ნებართვა მერიისგან მიღებული აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ ნერგები არ დაზიანდება. აქციის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ ივლისში ამოღებული ხეები მაინც გახმება და მიაჩნიათ, რომ მერიის ნებართვა ირღვევა.
საპატრულო პოლიციამ თბილისის მერიის გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები გამოიძახა. აქციის მონაწილეებს ტერიტორიის შესასვლელი კარი ისევ გადაკეტილი აქვთ. აქცია მშენელობის შესაჩერებლად დღეს, 5 საათზე იყო დადგეგმილი.
გუშინ გვიან სამშენებლო ტერიტორიაზე დადგეს აბრა, რომელზეც მითითებულია, რომ სამუშაოები შპს ‘კოლორიტის” დაკვეთით ტარდება. გუშინ შუადღით, როცა მოქალაქეებმა ნერგების ამოღება გააპროტესტეს, აბრა დადგმული არ იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის თქმით, ტერიტორიას, რომელსაც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის არჩილ გეგენავას კომპანია ფლობდა, თბილისის მერიამ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა. შემოღობილ ტერიტორიას ახლა რზ3 სტატუსი აქვს, რომლის მიხედვითაც მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება აქვს.
