“მინისტრმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ მხოლოდ ქეთევან ნატრიაშვილს ტოვებს მოადგილედ. მინისტრი თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში და მე, ამ მხრივ, არავითარი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება არგუმენტაციას, ბუნებრივია, ამას მე ჩემს თავზე არ ვღებულობ. ჩემთვის ღიმილის მომგვრელია ჩემი პროფესიონალიზმის თემის განხილვა, რამეთუ საგანმანათლებლო სფეროს დღეს არ გავცნობივარ. ბუნებრივია, კითხვის ნიშნები მეც მაქვს და საზოგადოებასაც. ვფიქრობ, ამას პასუხი გაეცემა,”- აცხადებს ალუდა გოგლიჩიძე ნეტგაზეთთან საუბარში.
მისივე თქმით, ახალ მინისტრს, თამარ სანიკიძეს აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრა და უთხრა, რომ იგი თავისუფალი ყოფილიყო თავის არჩევანში და ის ფაქტორი, რომ ისინი რვა თვის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, დამაბრკოლებელი არ გამხდარიყო მის გადაწყვეტილებებში.
“თუმცა, როდესაც იგივე გუნდი რჩება სამინისტროში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები – ის ხედვა, რაც სამინისტროში იყო აქამდე, უნდა შეიცვალოს და ლოგიკურად უნდა მივიღოთ რაღაც განსხვავებული?”
სხვა შემთხვევაში, გოგლიჩის თქმით, გაურკვეველი გახდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ახალი მინისტრის მიერ:

“ვფიქრობ, ემოციურად არ შევხედო არაფერს. ძალიან ცოტა დროა გასული, მინისტრსაც სჭირდება ალბათ გარკვეული დრო, ჩამოაყალიბოს, გააცხადოს თავისი ხედვა. ბუნებრივია, კორპორატიული ეთიკის ჩარჩოდან არ ვაპირებ გასვლას, არც ემოციურ გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებ. ამასთან, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი მარგველაშვილი შეცდა და ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატი გვყავს ისეთი, რომელიც სერიოზულ შეცდომებს უშვებს. სხვა შემთხვევაში, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მოვისმენ ჩემი არაკომპეტენტურობის დამადასტურებელ არგუმენტებს.”
მისივე თქმით, ის გეგმავს ანგარიშით წარდგეს საზოგადოებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წინაშე.
“იმიტომ, რომ 8 თვის განმავლობაში მე მაფინანსებდნენ გადასახადის გადამხდელები. ჩემი გადაწვეტილებების მიღების პროცესში ეს კარგად მახსოვდა. საზოგადოების წინაშე ყოველგვარი ემოციებისა და დრამატიზების გარეშე წარვდგები, რა გავაკეთე მე ამ 8 თვის განმავლობაში, როგორია ხედვა, როგორია ჩემი თვალით დანახული ხვალინდელი დღე და რა არის გასაკეთებელი, ეს არის ის გეგმები, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება დანარჩენს, ძალიან მშვიდად ველოდები მოვლენების განვითარებას.”
