ახალი ამბები

წულუკიანი “უცნობს” პატივს სცემს, მაგრამ არ მოსწონს მიდგომა ერთი მინისტრი კარგია, მეორე ნაკლებად კარგი

18 დეკემბერი, 2017 • 2148
წულუკიანი “უცნობს” პატივს სცემს, მაგრამ არ მოსწონს მიდგომა ერთი მინისტრი კარგია, მეორე ნაკლებად კარგი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტროს თანამშრომლები მართლაც შეხვდნენ მუსიკოს “უცნობის”, იგივე გია გაჩეჩილაძის მეგობარს, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა საჯაროდ ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, სამინისტროს თანამშრომლებმა გაჩეჩილაძის მეგობარს სამართლებრივად სწორი მიმართულება მისცეს. ის გაჩეჩილაძეს პატივს სცემს, თუმცა მიდგომა, რომლის მიხედვითაც ერთი მინისტრი კარგია, ხოლო მეორე ნაკლებად კარგი, მიუღებელია.

“რაც შეეხება უცნობის განცხადებას, მან თქვა, რომ ერთადერთ საქმეზე, ეს არის მოქალაქე ჟორდანიას საქმე, მან მთხოვა, რომ ჩვენი სისტემის თანამშრომლები ბატონ ჟორდანიას შეხვედროდნენ, რომელსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სახელმწიფოსთან დავა. ჩვენმა თანამშრომლებმა ბატონ ჟორდანიას მოუსმინეს და მისცეს სამართლებრივად სწორი მიმართულება, თუ როგორ შეიძლება მან თავისი 90-იანი წლებიდან დარღვეული უფლებები აღიდგინოს. სხვა რომელიმე თემაზე უცნობთან კონტაქტი არ ყოფილა, რაც მან ასევე დაადასტურა.

მე მას ასევე ვუსმინე, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა, რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი, რადგან ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ჩვენი გუნდის პრინციპი არის ერთი და იგივე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მომღერალი “უცნობი”, რომელიც თავს უწოდებს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ძმაკაცს/მეგობარს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე, სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს.

თავად გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს მეორე დღეს, 13 დეკემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან სამწუხარო იყო ამ ყველაფრის მოსმენა. როგორც პრემიერმა განაცხადა, გია გაჩეჩილაძემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გალანძღა მისი გუნდის წევრები.

გაჩეჩლაძემ ტვ პირველის გადაცემა რეაქციში ასევე ისაუბრა, მისი თქმით, კიდევ ერთ უსამართლობაზე, რომელიც მისი მეგობრის ოჯახს გადახდა თავს. გაჩეჩილაძის თქმით, ამ ოჯახს სამართლებრივი დავა აქვს სახელმწიფოსთან, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი