ახალი ამბები

ზაალ სამადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

26 ივლისი, 2013 • • 1799
ზაალ სამადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

 

სამადაშვილის თანამდებობიდან გადარჩევის საკითხს მხარი 25–მა დეპუტატმა, ინტერპარტიული უმრავლესობის ყველა წევრმა დაუჭირა. ნაციონალური მოძრაობის 22 წევრი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. 

 

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად “ქართული ოცნების” ფრაქციის წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია დაინიშნა. 

 

როგორც “ნეტგაზეთს” მრავალპარტიული უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი მუსხელიშვილმა განუცხადა, ინტერპარტიული უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის მოწვევას დღესვე აპირებს. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევენ. საკრებულოს რეგლამნეტის თანახმად, ერთსა და იმავე სხდომაზე თავმჯდომარის გადარჩევა და ახლის არჩევა არ ხდება, უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის დღესვე მოწვევას სწორედ ამის გამო აპირებს. მანამდე უმრავლესობა აპირებს, გამართოს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება თავმჯდომარეობის კანდიდატი. რიგგარეშე სხდომა 18:00 საათზე გაიმართება.

 

ზაალ სამადაშვილს თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ფრაქცია “თავსიუფლების” თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის შეცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერპარტიული უმრავლესობა კენჭისყრაზე სწორედ მის კანდიდატურას დააყენებს.

 

ზაალ სამადაშვილი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა.

 

სხდომას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები, ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ესწრებოდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი