როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი წყაროს ინფორმაციით, ეს ბუნტი გარედან იქნება ინსპირირებული და ვიღაცები შეეცდებიან, რომ მის ორგანიზატორად ტარიელ ფოცხვერია დაასახელონ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი არავითარ ბუნტს არ გეგმავს:

“იგეგმება ციხის ბუნტი. ამ დროისთვის ციხეებში პატიმრების გარკვეული რაოდენობა შიმშილობს, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში მოშიმშილე პატიმრების რაოდნეობა გაიზრდება. ამჟამად პატიმრები შიმშილობენ სასჯელაღსრულების მე–17 დაწესებულებაში, მე–8 დაწესებულებაში და მათ სხვა დაწესებულებებიც შეუერთდებიან. ჩემი ინფორმაციით, ეს არის გარედან აგორებული პროცესი და ვიღაცას სურს, რომ არეულობა და ე.წ. ბუნტი მოხდეს ციხეში. ვიღაცას უნდა, რომ პატიმრების მეშვეობით ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს. საუბარია იმაზე, ვისაც აწყობს ქვეყანაში არეულობა – “ნაციონალების” ნარჩენებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბუნტით დაწყებული არეულობით მათთვის სასარგებლო გარკვეული შედეგები დადგება”, – განაცხადა მან და თავი შეიკავა დაესახელებინა წყარო ან რაიმე სახის მტკიცებულება, რის საფუძველზეც იგი, როგორც თვითონ უწოდებს – “ნაციონალების ნარჩენებს” – ბრალს სდებს.
ადვოკატის თქმით, გარდა გარედან მართული პროცესისა, ასევე არსებობს რეალური პრობლემები, რომლებიც პატიმრებს აწუხებთ და რომლის გამოც ისინი პროტესტს გამოთქვამენ, მისი თქმით: პატიმრების ნაწილს აქვს პრეტენზიები სათანადო მკურნალობის ვერმიღების გამო, მეორე ნაწილი უნდობლობას უცხადებს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას. მათი აზრით, ეს კომისია წინა ხელისუფლების დროს არსებულ კომისიას დაემსგავსა, სადაც პირობით ვადამდე გათავისუფლება ხდებოდა ნაცნობობით, ახლობლობით და კონკრეტული პიროვნებების მითითებით. ამასთან, პატიმრების ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებით, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გაჭიანურებას ეხება.
“დიდი მასშტაბური შიმშილობა დაიწყება ციხეში. მე ვაფრთხილებ ყველა სამართალდამცავ ორგანოს და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს, რომ არავინ ეცადოს ხელის შეწმენდას ტარიელ ფოცხვერიაზე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ბუნტის დროს მოხდა. როგორც მოგეხსენებათ, ფოცხვერია წინა მთავრობის დროს ბუნტის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა მას ამაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ბუნტის საქმე გახსნილია და ბრალდებული ბაჩო ახალაიაა”, – აღნიშნა მან.
ტარიელ ფოცხვერია მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გაათავისუფლეს ციხიდან, იგი 2006 წელს დააკავეს ციხის ბუნტის ორგანიზების ბრალდებით. ფოცხვერია გათავისუფლებიდან მალევე განმეორებით დააკავეს, ამჯერად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით. მისი საქმის არსებითი განხილვა 7 აგვისტოს უნდა დაიწყოს, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, ამ თარიღმა შეიძლება გადაიწიოს, რადგან ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივებას ითხოვს. ნაკაშიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან მას ცოტა ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნე [ადვოკატის თქმით, მას ფოცხვერიასგან ნებართვა აქვს აღებული ისაუბროს მის ჯანმარელობის მდგომარეობაზე] დაუდგინეს, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების ფორმა, გახანგრძლივების შემთხვევაში, პატიმრობიდან გირაოთი უნდა შეიცვალოს.
