საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ონლაინ კაზინოებსა თუ ტოტალიზატორებში (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი და ა.შ) არსებული ყველა მომხმარებლის ანგარიში უნდა გაუქმდეს. მიზეზი, მთავრობის განმარტებით, ფულზე აზარტული თამაშებისაგან 21 წლამდე მოქალაქეების დაცვაა. ისინი, ვინც კანონის ახალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რეგისტრაციის ახლიდან გავლას შეძლებენ.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, ტოტალიზატორებსა თუ კაზინოებში თამაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 21 წლის ასაკიდან შეეძლებათ. თუმცა 21 წლამდე ასაკის მოთამაშეებს ამჟამად შეიძლება ჰქონდეთ ანგარიშები ონლაინ-ტოტალიზატორებში. მთავრობა ფიქრობს, რომ ამჟამად არსებული აბსოლუტურად ყველა მომხმარებლის ანგარიში (მათ შორის მათიც, ვისაც 21 წელი უკვე დიდი ხანია შეუსრულდა) გააუქმოს.
არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ – ამონარიდი კანოპროექტის განმარტებითი ბარათიდან
ონლაინ ტოტალიზატორებისა თუ კაზინოების ანგარიშებზე მომხმარებლები ინახავენ მოგებულ თანხას, შესაძლოა, გარკვეულ ბონუსებსა თუ ქულებსაც. რა ბედი ელის მათ ანგარიშებსა და ფულს? მთავრობის პოზიციაა, რომ თუ ისინი 21 წლისანი იქნებიან და იდენტიფიკაციას განახორციელებენ, გაუქმების შემდეგ ხელახლა უნდა დარეგისტრიდნენ. ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანგარიშის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ამ მომხარებელზე არსებული ინფორმაცია ბაზიდან სამუდამოდ წაიშლება.
“აღნიშნული ურთიერთობა რეგულირდება მოთამაშესა და ოპერატორს შორის შესაბამისი ხელშეკრულებით ან პირობებზე დათანხმებით, როდესაც საუბარია რეგისტრაციის გაუქმებაზე. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ინფორმაცია, რომელიც ოპერატორებს (ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს) აქვთ ბაზებში, წაიშლება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შედგება ახალი ბაზა, რომელიც ცენტრალიზებული იქნება. შესაბამისად, დარეგისტრირებულ პირს თუ სურვილი ექნება, რომ აღნიშულ ოპერატორთან თამაში გააგრძელოს, ოპერატორი ახალი ბაზიდან მიიღებს ინფორმაციას, რომ ამ პირს შეუძლია მიაწოდოს თავისი სერვისები და თავისუფლად შეუძლია ის ურთიერთობები, რომლებიც რეგისტრაციის ერთიანი ბაზის შექმნამდე ჰქონდა, გააგრძელოს”, – ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ზემოთ ნახსენებ კითხვას.
რაც შეეხება მონაცემების ახალ ბაზას, რომელსაც ხუციშვილი ახსენებს, ის ახლო მომავალში განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით:
ნეტგაზეთმა რამდენიმე ონლაინ ტოტალიზატორ/კაზინოს მისწერა წერილი და ჰკითხა ყველა ანგარიშის გაუქმების შემდეგ, რასაც მთავრობის კანონპროექტი ითვალისწინებს, როგორ განხორციელდება მათი მომხმარებლებისთვის ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა, ამ პროცესში რა ბედი ელით მათ ანგარიშებზე არსებულ თანხებს, ქულებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ა.შ.
ამ დროისთვის (15:30) პასუხი მხოლოდ ორი კომპანიისაგან მივიღეთ: ევროპა-ბეთიდან მოგვწერეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო კრისტალბეთის ტოტალიზატორის მომწყობი შპს მარსის პასუხი ასეთია:
“შ.პ.ს ,,მარსი“ საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით და მის საქმიანობაში აისახება ნებისმიერი ცვლილება კანონში. მომხმარებლების უფლებები იქნება სრულად დაცული. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”.
კანონპროექტი კიდევ ერთ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც ონლაინ ტოტალიზატორებისა და კაზინოების მოყვარულებს დააინტერესებთ. დღეისათვის მოთამაშეების ნაწილი მოგებულ თანხას ონლაინ ტოტალიზატორების სალაროებში ანაღდებს. ზოგიერთი მათგანი ტოტალიზატორის ინტერნეტ-ანგარიშებს საბანკო ანგარიშების შემცვლელადაც იყენებს, ანუ ერთმანეთის თანხას სწორედ ამ ანგარიშებზე ურიცხავს და არა საბანკო ტრანზაქციის გზით.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ინიციატივას გაიზიარებს და კანონპროექტს კანონად აქცევს, სალაროდან ფულის გამოტანის პრაქტიკა გაუქმდება და ონლაინ ტოტალიზატორი მოთამაშეს მოგებულ თანხას მხოლოდ ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხავს.
მთავრობას აზარტული თამაშების რეგულირების მიმართულებით სხვა არაერთი ცვლილების განხორციელებაც სურს, მათ შორის სახელმწიფო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.