სამინისტრომ ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახსნილია 16 წლის ბათუმელი მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმე. სავარაუდო მკვლელი, შს სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მოქალაქეა, რომელმაც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღეს, 19:22 საათზე დატოვა.
შს სამინისტრომ 23 ივლისს, ანუ მკვლელობიდან მეორე დღეს, შემდეგი განცხადება გაავრცელა:
„გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ საღამოს, 7:00 – 7:30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა“.
„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ სავარაუდო მკვლელს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გადასაკვეთად 12 წუთი დასჭირდა. ბათუმის ახალი ბულვარიდან სარფში, საქართველო-თურქეთის სასაზღვრზე ჩასვლას, სულ ცოტა, 10 წუთი მაინც სჭირდება.
მარიამ კოჩალიძის მკვლელობის დღეს მე-9 არხის საინფორმაციო გადაცემაში მოკლული მარიამ კოჩალიძის ოჯახზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამ კოჩალიძე იმ დღეს სახლიდან სასეირნოდ დაახლოებით 7 საათზე გავიდა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის გადაადგილებასთან დაკავშირებით აცხადებს:
„სავარაუდო მკვლელმა აჭარის ტერიტორია სარფის გავლით დატოვა 19:22 საათზე, გარდაცვლილი გოგონას შესახებ, რომ ის დაკარგულია, პოლიციაში განცხადება შემოვიდა 23:00 საათზე, ანუ იმ დროს მას უკვე დატოვებული ჰქონდა აჭარის ტერიტორია. ცხედარი აღმოჩენილი იქნა ღამის პირველ საათზე. ჩვენს ვებ-გვერდზე გუშინ რაც გამოვაქვეყნეთ – 19 საათიდან 19:30 საათზე, როდესაც მან ტაქსი გააჩერა და წავიდა, ეს არის სავარაუდო დრო. დაახლოებით მაგ პერიოდში მოხდა… ჩვენ ახლა დავდეთ კადრები, როგორ ტოვებს ეს პიროვნება საზღვარს. ზუსტი დრო, თუ როდის მოკლეს გოგონა, ვიტყვით მოგვიანებით“.
შს სამინისტროს ცნობით, მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა.

