ახალი ამბები

სასჯელაღსრულების მე–17 დაწესებულებაში 31–მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

24 ივლისი, 2013 • • 992
სასჯელაღსრულების მე–17 დაწესებულებაში 31–მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, 22-დან 24 ივლისამდე სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო 31-მა მსჯავრდებულმა. 22 ივლისს სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ორმა პატიმარმა, ლევან კ-მ და გიორგი ხ-მ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

 

“ლევან კ. არ ეთანხმება და აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს და ითხოვს სამედიცინო დახმარებას, ხოლო გიორგი ხ. ითხოვს ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ამავდროულად, ის წინასწარ უნდობლობას უცხადებს ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს და ეჭვს გამოთქვამს, რომ საბჭო არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას მისი ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ. მოგახსენებთ, რომ ლ. კ-ს შემთხვევაში, მისი საკითხის გადაწყვეტა არ შედის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კომპეტენციაში. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამი კვირის წინ გაყვანილი იყო სამოქალაქო კლინიკაში, ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა პროტესტის დაწყებამდე გრძელდებოდა. (შეუძლებელი გახდა პირის ამოკერვის გამო) მსჯავრდებულს პროტესტის დასრულებისთანავე მკურნალობა და საჭირო მედიკამენტების მიღება კვლავ გაუგრძელდება. გ. ხურციძემ 2013 წლის 7 ივლისს მოიხადა სასჯელის ვადის ის ნაწილი, რის საფუძველზეც ადგილობრივი საბჭო განიხილავს მსჯავრდებულთა შუამდგომლობას მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. საბჭოში უკვე შემოსულია შუამდგომლობა #17 დაწესებულების ადმინისტრაციიდან ხურციძის ვადამდე გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს.

 

მოგახსენებთ, რომ სამინისტროს აპარატის წარმომადგენლისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის გარდა, საბჭოში შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მიიღება ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია და არავის, მათ შორის მსჯავრდებულს, არ აქვს უნდობლობის საფუძველი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნულია, რომ 19 მოშიმშილე მსჯავრდებული აპროტესტებს სასჯელის შეკრებითობის გაუქმების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

“სამედიცინო დახმარებას ითხოვს 2 მსჯავრდებული, რაზეც გვსურს განვაცხადოთ, რომ ორივე მათგანს ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოკვლევები და უტარდებათ სათანადო მკურნალობა. ამასთან, დაგეგმილია სხვადასხვა სამედიცინო კონსულტაცია და გამოკვლევა, რომელიც მსჯავრდებულებს უახლოეს დღეებში ჩაუტარდებათ. 9 მსჯავრდებული არ ეთანხმება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნავენ სამინისტროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი