ახალი ამბები

ბარათაშვილი ტრაქტორების საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

24 ივლისი, 2013 • • 2345
ბარათაშვილი ტრაქტორების საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

პროკურატურამ გაავრცელა დასკვნა, რომ შეაჯიბრეს ორი ტრაქტორი, “ზეტორ ფროქსიმა” და “ნიუ ჰოლანდი”. აბსოლიტიური უპირატესობა მოიპოვა თურმე ნიუ ჰოლანდმა. როდესაც ატარებს საგამოძიებო ექსპერიმენტს გამომძიებელი, ბუნებრივია, უნდა მოიწვიოს იქ ექსპერტი. გამომძიებელი და პროკურორი არ არიან ექსპერტები. არ შეიძლება, რომ უვიცმა ადამიანმა, ჩაუხედავმა ამ სფეროში, გააკეთოს რაიმე სამეცნიერო დასკვნა” –აცხადებს სოსო ბარათაშვილი.  

 

სოსო ბარათაშვილი
სოსო ბარათაშვილი

მისი თქმით, გამოძიებამ ტრაქტორების ექსპერტიზას დაცვის მიერ მოთხოვნილი ექსპერტები არ დაასწრო:”როდესაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია გამომძიებლისაგან, რომ მეორე დღეს ტარდებოდა ექსპერიმენტი, დაუყოვნებლივ მივმართეთ გამომძიებელს, რომ ჩაერთო ამ საქმეში ექსპერტები და ასევე უზრუნველეყო დასწრება ზაზა მახარობლიძის და ოთარ ქარჩავასი. პროფესორების, რომლებიც არიან ამ საქმის სპეციალისტები საქართველოში. გამომძიებელმა უგულებელყო ეს ჩვენი თხოვნა. სანაცვლოდ წავიდნენ პროკურორი და გამომძიებელი და  თვითონ ჩაატარეს ექსპერიმენტი.” 

 

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ ტრაქტორების ექსპერტიზა დარღვევებით ჩაატარა:”უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ, რატომ არ იქნა აწონილი ტრაქტორები? რატომ არ გაიზომა საბურავების წნევა, რატომ არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ეს თურქული ტრაქტორი იყო ახალთახალი, ხოლო “ზეტორს” სამასზე მეტი მოტოსაათი ჰქონდა გამომუშავებული. რატომ არ გაითვალისწინეს ისიც, რომ ჩეხური ტრაქტორი იყო უკანა ბალასტის გარეშე. თუ ასე მივუდგებით საკითხს და ამას მივცემთ შავი პიარის ხასიათს, ცხადია, რომ თეთრზე შავის თქმა შეიძლება.” 

 

ადვოკატის განცხადებით, იწყება სასამართლო პროცესი და საზოგადოებას უნდა შეუქმნან განწყობა და შთაბეჭდილება, რომ “ტრაქტორების საქმეზე” დაკავებული არიან დამნაშავეები.” 

 

შს სამნისტრომ ტრაქტორების საქმეზე 23 ივნისს საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგები გაასაჯაროვა: 

 

“საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად: „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკისა და „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში, რაც მოიცავდა: საცდელი ხნულების გატარებას, მიწის მოხვნას, ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს, „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორმა მოიპოვა აბსოლუტური უპირატესობა. ექსპერიმენტის მიმდინარეობამ, რომელშიც მონაწილეობდნენ გამოცდილების მქონე მექანიზატორები, ცხადყო, რომ „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკის ტრაქტორმა შეფერხებით შეასრულა მიწის სამუშაოები. 

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგები გამყარებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით.
ექსპერიმენტში მონაწილე „NEW HOLLAND TD5 110“ მარკის ტრაქტორი იმ ტრაქტორების გაუმჯობესებული მოდელია, რომელიც 2001-2002 წლებში, დავით კირვალიძის მინისტრობის პერიოდში, იქნა შესყიდული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. 
ხოლო „ZETOR PROXIMA POWER 120“ მარკის ტრაქტორი სწორედ ის მარკაა, რომლის საქართველოს ბაზარზე შემოყვანას უკვე 2012 წლის ბოლოს ერთობლივად ლობირებდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და შპს „მექანიზატორის“ ხელმძღვანელები, ხოლო ჩეხური კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში ხელმძღვანელობდა შპს „მექანიზატორის“ დირექტორთან – ვაჟა ნახუცრიშვილთან დაახლოებული პირი – ბრალდებული გივი ქაიხოსროშვილი. 

 

ZETOR-ის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, სწორედ ვაჟა ნახუცრიშვილმა და გივი ქაიხოსროშვილმა ურთიერთშეთანხმებულად და მიზანმიმართულად შეაცვლევინეს „ზეტორის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს თავისუფალი წვდომის ინტენეტ-რესურსზე გამოქვეყნებული მახასიათებლები და ხელოვნურად გააზრდევინეს ტრაქტორის ცხენის ძალა იმ ნიშნულამდე, რომელიც მინისტრის ბრძანებით შექმნილი და ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა “ზეტორის” სასარგებლოდ მიზანმიმართულად განსაზღვრეს.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიება ასაჯაროებს ვაჟა ნახუცრიშვილს, გივი ქაიხოსროშვილსა და „ზეტორის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს შორის სპეციფიკაციების შეცვლასთან დაკავშირებული საუბრის შინაარსს:

 

ამონარიდი ექსპერიმენტში მონაწილე – მიხეილ მეხრიშვილის ჩვენებიდან:

 

„პირველ ნაკვეთზე, როცა დაიწყო ხვნა, „zetor proxima power 120“-ის ტრაქტორმა დაახლოებით 50-60 მეტრში დაიწყო ბუქსაობა, ასევე, ვიზუალურად შევამჩნიე, რომ სიმძლავრე არ ყოფნიდა და ხტუნავდა ტრაქტორი. …..როგორც მე დავაკვირდი, თითქმის ყველა გავლაზე ტრაქტორი აბუქსავებდა და ძრავს ხმაზე ეტყობოდა, რომ გადატვირთვით მუშაობდა. ასევე, ხვნის პროცესში შეიმჩნეოდა, რომ ტრაქტორი დაბუქსავების შემდეგ ხტუნავდა ადგილზე და სვლას ვერ აგრძელებდა. ……….ამის შემდეგ „zetor proxima power 120“-დან ჩაიხსნა გუთანი და იგივე გუთანი მე და არჩილმა გადავიტანეთ „new holland TD5 110“-ზე. რის შემდეგაც ამ ტრაქტორით მოხდა 3 ხნულის გავლება პირველ ნაკვეთში ისე, რომ ხვნის პროცესში შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. ტრაქტორს არ უბუქსავია და არც ხტუნვა არ დაუწყია“. 

 

ამონარიდი ექსპერიმენტში მონაწილე, შპს „მექანიზატორის“ ბრიგადის მენეჯერის არჩილ ძმანაშვილის ჩვენებიდან:

 

„პირველი ხნულის გატარებისას, დაახლოებით 60 მეტრში, „ზეტორ პროქსიმაპოვერ 120“-ის მარკის ტრაქტორმა დაიწყო ადგილზე ბუქსაობა, რის გამოც ტრაქტორი ახტუნავდა, ამიტომ მომიწია გუთნის ოდნავ ზემოთ ამოწევა, რის შემდეგაც ტრაქტორმა განაგრძო ხვნა. მეორე ხნულის დროსაც იგივე განმეორდა. …….. „ნიუ ჰოლანდის“ ტიპის ტრაქტორის მიერ მოხდა 3 ხნულის გავლება
პირველ ნაკვეთში ისე, რომ ხვნის პროცესში შეფერხებას ადგილი არ ჰქონია“.

 

ამონარიდი ექსპერიმენტში მონაწილე, შპს აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების სართიჭალის საცდელი სადგურის დირექტორის ადოლი ტყეშელაშვილის ჩვენებიდან:

 

 

„საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოიკვეთა, რომ ,,ნიუ ჰოლანდის“ და ,,ზეტორის“ მარკის ტრაქტორები ჩაყენებული იყო აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში, კერძოდ, ნიადაგის ტიპი, მოხვნის სიღრმე, სამუშაო ფართობი და სხვა. აღმოჩნდა, რომ ,,ზეტორის“ მარკის ტრაქტორს ,,ნიუ ჰოლანდის“ მარკის ტრაქტორთან შედარებით მუშაობის (ხვნა) პროცესში გაუჭირდა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხნულის ხარისხი შედარებით უკეთესი იყო ,,ნიუ ჰოლანდის“ მარკის ტრაქტორით მოხვნის შემთხვევაში. ,,ნიუ ჰოლანდის“ მარკის ტრაქტორის მიერ ნიადაგის მოხვნის შემთხვევაში ნიადაგის ხნულის ზედაპირი იყო სწორი და თანაბარი, ასევე, ღარების გარეშე, რაც ნიადაგის მოხვნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ,,ზეტორის“ მარკის ტრაქტორით მოხვნის დროს ნიადაგის ხნულის ზედაპირი არ იყო სწორი და ასევე ჰქონდა ღარები.“

 

დღესვე შსს-ში მორიგი დაკითხვისთვის დაიბარეს ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, რომელიც ამავე საქმეზე გუშინ საღამოს დაიკითხა მოწმის სახით.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო პროცესი 5 აგვისტომდე გადაიდო. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი