ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეძლებს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

24 ივლისი, 2013 • • 1022
რა შემთხვევაში შეძლებს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვა, თუმცა, შესაძლოა, მან ცესკოში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირება ვერ მოახერხოს, ამის მიზეზი მისი ორმაგი მოქალაქეობაა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სალომე ზურაბიშვილი კი ქართულთან ერთად ფრანგულ პასპორტსაც ფლობს.

ორმაგი მოქალაქეობის გამო ცესკომ რეგისტრაციაზე უკვე უთხრა უარი პრეზიდენტობის ორ მსურველს (ტარიელ ხვედელიძე, გიორგი გახოკია). როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, კანონის ეს ნორმა ყველა კანდიდატზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილზეც გავრცელდება.

 

თავად სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა: 

 

“იმედი მაქვს, არავის ეჭვი არ გაუჩნდებოდა იმის შესახებ, რომ სანამ ამ სერიოზულ საქმეში ჩავებმებოდი, საჭირო კონსულტაციები გავლილი მექნებოდა და განხილული არსებული მრავალი პრეცედენტი.

 

…ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მის მიერ დაპირებულ “ყველაზე დემოკრატიულ არჩევნების” ჩატარებას და ამით მსოფლიოს გაკვირვებას. მე პირადად ამ სიტყვის მჯერა და მინდა მჯეროდეს, ამიტომაც რეგიტსრაციაზე დავაყენებ კანდიდატურას”.

არსებული საკანონმდებლო მოცემულობით, ზურაბიშილს არჩევნებში მონაწილეობის ორი გზა აქვს: მან ან ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობა უნდა დატოვოს, ან საქართველოს კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ ორმაგ მოქალაქეს პრეზიდენტის პოსტის დაკავების საშუალება მიეცეს. კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილებების შეტანა უკვე გადაწყვეტილი აქვს მმართველ გუნდს, რომლის ერთ–ერთმა ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 7 ივლისს განაცხადა:

 

“ჩვენი კონსტიტუცია დღეს რატომღაც მხოლოდ სამ თანამდებობის პირს უკრძალავს, იმავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას: პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს არის სრულიად გაუგებარი, გამოდის, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა შეიძლება, იმავდროულად, იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე და ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ ამ სამი თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს არავითარ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ჩვენ ამ ნორმასაც ვიღებთ და მომავალ საკონსტიტუციო კომისიას ვთავაზობთ, ამ საკითხში შეიტანოს სიცხადე: ან ყველას ჰქონდეს უფლება დაიკავოს თანამდებობა, ან ეს შეზღუდვა გავრცელდეს უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის მთავრობის წევრებზე, პარლამენტის წევრებზე და ასე შემდეგ”.

ამ დროისთვის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი მიმდინარეობს. საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კახიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კონსტიტუციიდან აღნიშნული ნორმის ამოღებაზე საუბარი მართლაც მიმდინარეობს.

“ამ დროისთვის საუბარი არის ამ ნორმის ამოღებაზე, ხოლო თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება ეს ნორმა, ამაზე უკვე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს, რომელიც შეიქმნება ძალიან მალე. შეიძლება უახლოეს დღეებშიც კი გახდეს ამ კომისიის შესახებ ცნობილი. თუ ჩვენ ამ ნორმას ამოვიღებთ, ორმაგ მოქალაქეს ექნება ამის [საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის] საშუალება”.

 

საქართველოს საპრცესო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურაბიშვილმა რეგისტრაციისთვის საჭირო იურიდიული პროცედურების გავლა 27 სექტემბრამდე უნდა მოასწროს. გიორგი კახიანისთვის უცნობია, მოესწრება თუ არა ამ თარიღამდე კონსტიტუციაში ჩადებული იმ ნორმის 27 სექტემბრამდე ამოღება, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზღუდავს:

“მიჭირს ამის თქმა. ამ საკითხის განხილვა ახლა მიმდინარეობს საყოველთაო განხილვის ფორმატში და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი თვე, ასეთი ჩანაწერი არსებობს კანონმდებლობაში და ამის შემდეგ პარლამენტში დაიწყება საკითხის განხილვა. სავარაუდოდ,  ეს დაიწყება სექტემბერში, თუმცა თქვენ იცით, რომ სამი განხილვაა ამისთვის საჭირო, ეს ვადებთან არის დაკავშირებული,  შემდგომ ამას პრეზიდენტმა შეიძლება ვეტო დაადოს… ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდისთვის მოხერხდება ამის გაკეთება. 27 სექტემბრამდე მოესწრება თუ არა, ამის თქმა არის ძალიან რთული”, – ამბობს დეპუტატი.

თუ პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის 29–ე მუხლის პირველ პირველ პრიმა მუხლს (რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის თანადმებობებზე მუშაობაზე შეზღუდვებს აწესებს) 27 სექტემბრამდე გააუქმებს, ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს. ამას გარდა, ზურაბიშვილს მანამდე შეუძლია დათმოს ან საფრანგეთის ან საქართველოს მოქალაქეობა.

სალომე ზურაბიშვილს მისი კანდიდატურის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისათვის ცესკოსთვის აქამდე არ მიუმართავს. დღეისათვის ცესკოში პრეზიდენტობის 23 მსურველის განაცხადია შესული, თუმცა ორ მათგანს რეგისტრაციაზე უარი უკვე ეთქვა, სწორედ ორმაგი მოქალაქეობის ქონის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი