ბაჩანა ახალაიას, გიგი კალანდაძის, გაგა მკურნალიძის, ზურაბ შამათავას, მანუჩარ დარასელიას, გიორგი კინწურაშვილისა და მერაბ კიკაბიძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა დღეს სრულად წარმოადგინა. საბოლოო სიტყვა ნაწილობრივ წაიკითხა დაცვის მხარემაც. 

საქმე ეხებოდა სამ ეპიზოდს- სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურ დასჯას, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს და ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ, ბაზაზე ტელეფონის უნებართვო შეტანის გამო.

სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყო და 23:15 წუთზე დასრულდა.

პროკურორებმა დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას მოწმეთა ჩვენებები წაიკითხეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს ყველა იმ გარემოებაზე, რაც მათი თქმით იძლევა იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული მართლაც ჩაიდინეს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდების მხარემ პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ბრალდებულთა დანაშაულის დაფარვა ვერ მოახერხა:

“სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით თავიდან ისინი ბუნტის ვერსიას ავითარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯარისკაცების დასჯას ბუნებაში არ ჰქონია ადგილი, შემდეგ პოზიციები შეცვალეს და ამბობდნენ, რომ ამგვარად საზღვარგარეთაც ავარჯიშებენ რეინჯერებს, თუმცა მათ დაავიწყდათ, რომ საზღვარგარეთ ასეთ კურსებზე ჩაწერა ნებაყოფლობითია და არა ძალადობრივი”, – განაცხადეს პროკურორებმა დასკვნით სიტყვაში. მათი თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ დაცვის მხარე უბრალოდ ცდილობდა ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლებას.

რაც შეეხება ზვიად აბესაძის ეპიზოდს, პროკურატურის მტკიცებით, გიგი კალანდაძე შეეცადა აბესაძესთან კონფლიქტი ჭაკუასთვის გადაებრალებინა, ვინაიდან ჭაკუა ძებნილია. თუმცა, მათი თქმით, აღნიშნულ საქმეზე კალანდაძის ბრალი სატელეფონო ზარების ამონაწერით დასტურდება. ამ და სხვა გარემოებების გამო ბრალდებამ ყველა პირის დამნაშავედ ცნობა მოითხოვა:

“ვინაიდან ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირები არიან, მათ ყველაზე მეტად ევალებოდათ კანონის დაცვა, მათ შელახეს შეიარაღებული ძალების იმიჯი. გთხოვთ გაითვალისწინოთ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს გონივრულ ეჭვს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და მიიღოთ გამამტყუვნებელი განაჩენი”, – მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუსაბუთებელი, უსაგნო და უსაფუძვლო უწოდა:

“აშკარაა, რომ საქმე გვაქვს შეთითხნილ ბრალდებასთან. პროკურატურა დღეს ასამართლებს გმირებს, მაშინ, როდესაც ბედუკაძე, რომლის ბრალეულობაც დადასტურებული იყო, გამოუშვეს და ლამის გმირად შერაცხეს”, – განაცხადა გოგიტა გაბაიძემ ბოლო სიტყვის წარმოთქმისას.

უდანაშაულოდ მიიჩნევს თავისი დაცვისი ქვეშ მყოფს ალექსანდრე გორგაძის ადვოკატიც:

“გორგაძემ ავარჯიშა და გაამხნევა ავადმყოფი ჯარისკაცები, რომლებსაც ზოგს კუჭი სტკიოდა, ზოგს ნაღველა და ზოგს შარდის ბუშტი”, – განაცხადა პროცესზე გორგაძის ადვოკატმა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თანამდებობრივი უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია:

“წერია სადმე, რომ გორგაძეს არ ჰქონდა ჯარისკაცების ცემის უფლება? იქნებ ის ცემაც და წამორტყმაც მის მოვალეობაში შედიოდა?”, – აღნიშნა ადვოკატმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

“მართლა რომ სდომებოდათ აბესაძისთვის რამის დაშავება, ისე გააქრობდნენ, აბესაძე ვერც კი გაიგებდა, სად წაიყვანეს, საერთოდ სხვებს დაავალებდნენ და გააკეთებინებდნენ ამას”, – განაცხადა გიგი კალანდაძის ადვოკატმა პროცესზე:

“ჩემმა კოლეგამ დღეს თქვა, სამართალმა პური უნდა ჭამოსო, სამართალმა პური კი არა, გარემოებებიდან გამომდინარე კარგი ჩალაღაჯიც უნდა მიირთვას”, – აღნიშნა ადვოკატმა.

იმ ადვოკატებმა, ვინც საბოლოო სიტყვის წარმოთქმა მოასწრო, ბრალდებულთა უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს.

ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ, სასამართლოში მიცემული ჩვენებების ნაცვლად, მოწმეების მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებები გამოიყენა, რაც დაუშვებელია:

“დასკვნითი სიტყვა ძირითადად აგებული იყო ვარაუდებზე და სადემონსტრაციო მაგალითებად მოყვანილი ჰქონდათ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებიც სასამართლოზე არ გამოქვეყნებულა და მათი მტკიცებულებად გამოყენება ყოვლად დაუშვებელია”, – განაცხადა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ.

“დღეს პროკურორების მიერ წარმოდგენილი საბოლოო სიტყვა, როგორც ვვარაუდობდით, დაუსაბუთებელი აღმოჩნდა, პროკურატურა ეყრდნობოდა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, არ შეიძლება სასამართლომ მათი დასკვნითი სიტყვა გაიზიაროს”, – განაცხადა ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა.

“ბრალდებამ დასკვნის სიტყვა დაწერა იმ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც თვითონ დაწერეს და მოწმეებს მხოლოდ ხელი მოაწერინეს, გარდა ამისა სინდისი ეყოთ და ისეთი რამეები ჩაწერეს საბრალდებო სიტყვაში, რაც ტყუილი იყო. ისევე, როგორც თავიდან, მთელი ბრალდება ახლაც აგებულია ტყუილებზე”, – განაცხადა თავად ბრალდებულმა ალექსანდრე გორგაძემ.

პროკურატურა კი დაცვის მხარის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს:

“ბრალდების ხმარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია იმისათვის, რათა ბრალდებული პირების მიმართ სასამართლომ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანოს. მოსამართლემ უნდა შეაჯეროს დაცვის მხარის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები. რაც შეეხება განცხადებას მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. არა მარტო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, არამედ საკუთარი მოწმეების დაკითხვაც კი დამახინჯებულად წარმოადგინეს დაცვის სიტყვაში”, – აცხადებს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, იმის დადასტურება, თუ რომელი მხარე ტყუის, მარტივად შეიძლება სასამართლოს სხდომის ოქმების მეშვეობით.

მომდევნო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას დაასრულებს, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ბრალდევბულებიც, ასევე უნდა გაიმართოს კამათი დაცვასა და ბრალდებას შორის. სასამართლო პროცესი 26 ივლისს ჩაინიშნა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *