შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა. ამის შემდეგ ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. მთავარ პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოძიების შედეგად გამოირიცხა ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტი.
“პროკურატურის პრესრელიზში არსებული ურთიერთშეუსაბამობები ადვილი შესამჩნევია. პრესრელიზში მითითებულია, რომ მამუკა ივანიაძის ჩვენების “ნამდვილობა და უტყუარობა კი, ამ ჩვენებისგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით”; ამ ციტატიდან რამდენიმე წინადადების შემდეგ პრესრელიზში განსხვავებულ აღწერილობას ვხვდებით: “ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისთვის არსებული საგამოძიებო ვერსიისგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი”. შესაბამისად, გაუგებარი ხდება, თუ პროკურატურას უკვე ჰქონდა ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მისი ჩვენების ნამდვილება დასტურდება “ათეულობით მოწმის” ჩვენებით და “სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით”, მაშინ იგივე ჩვენება როგორ არის “არსებითად ახალი და გასნხვავებული”? ამასთან, პრესრელიზში მითითებულია, რომ ჩვენების მიღების მიზნით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ერთ–ერთი ამოცანა იყო იმის განსაზღვრა, “წარმოადგენდა თუ არა ივანიაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას”. იქვე მითითებულია, რომ გამოძიებით ამ საკითხს “ამომწურავად გაეცა პასუხი”. პრესრელიზის დასასრულს კი მითითებულია, რომ “ივანიაძის მხრიდან ცრუ დასმენის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება”. მარტივად რომ ვთქვათ, პრესრელიზის თანახმად გამოდის, რომ უდავოდ დადასტურდა ის, რაც ჯერ არ დადასტურებულა?” – განაცხადა მაია ხუციშვილმა.
