ახალი ამბები

დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მუწოდებს

9 დეკემბერი, 2017 • 2684
დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მუწოდებს

დაკავებული სააკაშვილი წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს კვირას, 10 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“დამაკავეს ცრუ ბრალდებით. უნდათ, რომ ჩემი დაკავებით შეგაშინონ. არ შეშინდეთ, გაბედულად წადით კვირას დადგეგმილ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც იმპიჩმენტს მოითხოვს. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისა და ავტოკრატიისგან. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. გამაგრდით. დიდება უკრაინას”, – ამ წერილს სააკაშვილის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში კიდევ ერთხელ, 8 დეკემბერს დააკავეს. ამჯერად სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წაყვანა მოახერხეს.

მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე კიევში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა. პარალელურად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ნეტგაზეთმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ 7 დეკემბერს მის კარავში ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი