საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში კიდევ ერთხელ დააკავეს. ამჯერად სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წაყვანა მოახერხეს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას მისი ოფიციალური ფეისბუკის გვერდი ადასტურებს, რომელიც უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.
დავით საყვარელიძის განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სპეცრაზმმა იმ დროს დააკავა, როცა ის მეგობრის სახლში იმყოფებოდა სტუმრად. სააკაშვილის თანამებრძოლების ინფორმაციით, დაკავების დროს უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებული იყო – მას მაღალი სიცხე და ფილტვების ანთება აქვს.
[red_box]ვითარება უკრაინის უსაფრთხოების სამსხურთან[/red_box]
მოკლედ:
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე კიევში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა. პარალელურად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.
ნეტგაზეთმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ 7 დეკემბერს მის კარავში ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.