პატრიარქის ვიზიტი, რომელიც რუსეთის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდება, 23 ივლისს დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, აშშ–სა და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველ, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი; საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ–ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ჭუაძე; თბილისის სასულიერო სემინარია–აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.
საზეიმო ლიტურგიას წმინდა მოციქული ოლგას სახელობის დღესასწაულზე მართლამადიდებლური ეკლესიის წინამძღოლები მოსკოვში, იესო ქრისტეს საკათედრო ტაძარში 24 ივლისს აღავლენენ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს, კიევში სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს და მინსკში, სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგსარქოსს, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტს შეხვდება.
პატრიარქის ბოლო ვიზიტი რუსეთში იანვარში შედგა, მაშინ ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით ჩავიდა და ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა.

