ახალი ამბები

საპროცესო შეთანხმება 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულთან

18 ივლისი, 2013 • 1320
საპროცესო შეთანხმება 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულთან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დააკავეს 1967 წელს დაბადებული ალექსი ნ. არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით. დეტექტივ-გამომძიებელმა ვასილ ჭანკვეტაძემ განაცხადა, რომ დაკავებული წარსულში არაერთგზის იყო ნასამართლევი.

 

ალექსი ნ. არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით
ალექსი ნ. არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით

პოლიციის ინფორმაციით, ალექსი ნ.-მ 2013 წლის მარტში თანასოფლელ 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა, ხოლო მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ იგი მიმალვის მიზნით ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში მეგობართან გაემგზავრა, სადაც სამართალდამცველებმა დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მეხუთე ნაწილით. აღნიშნული მუხლი ასახავს დანაშაულს, როგოროცაა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ჩადენილი იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

 

13 მაისს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

აღნიშნული საქმე არსებითი განხილვისთვის დაეწერა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს დავით ნარიმანიშვილს, რომელმაც მიმდინარე წლის 4 ივნისს დაამტკიცა გურჯაანის რაიონულ პროკურორ თინათინ ზუბაშვილსა და ბრალდებულ ალექსი ნ.-ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

 

საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის 2013 წლის 17 მაისს გაფორმდა, მანამდე კი ალექსი ნ-ს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლიდან 140-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

“2013 წლის 4 ივნისს ეს პიროვნება დამნაშავედ იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წელი და 6 თვე, რაც მოხდა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მოსამართლე ნარიმანიშვილის თანაშემწემ. მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია 2013 წლის მარტში, სხვადასხვა დროს.

 

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაზარალებული მხარე მიუთითებდა, რომ ბრალდებულმა ბავშვს ძილის წამალი დაალევინა და ამის შემდეგ იძალადა მასზე.

 

“ძილის წამალს, როგორც მახსოვს, თვითონ ბავშვი მიუთითებდა, რომ რაღაც დაალევინა, მაგრამ, ფაქტობრივად, მტკიცებულება ამის შესახებ, რომ რაიმე ნივთიერება ეხმარა, ან სხვაგვარი ძალადობა და ზემოქმედება მოეხდინა, მსგავსი რამ არ დადასტურდა გამოძიებით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა.

 

მისივე თქმით, გამოძიებამ ვერ მოიპოვა ძალადობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა ბრალდების მუხლი:

 

“ვინაიდან ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, გადაკვალიფიცრდა 140-ე მუხლზე, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლის სასჯელის ფარგლებში აბსოლუტურად ზომიერი სასჯელი იყო წელიწადნახევარი, რაზეც ბრალდებულმაც თანხმობა გამოთქვა და გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც დაამტკიცა სასამართლომ”, – განაცხადა ლევან ღვედაშვილმა.

 

“ნეტგაზეთმა” პროკურორს მიმართა კითხვით, როგორ გამოარკვიეს, რომ მოზარდზე ძალადობა არ ყოფილა, რადგან ბავშვზე ძალადობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, რაზეც ღვედაშვილმა უპასუხა: “ძალადობის არანაირი ფაქტი არ დადასტურდა. გამოძიებამ ვერ მოიპოვა ძალადობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება”.

 

“ნეტგაზეთმა” პროკურორს, ასევე, მიმართა კითხვით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა ბრალდების მხარეს, როდესაც არასრულწლოვანთან სექსუალური დანაშაულისთვის ბრალდებულ, წარსულში ნასამართლევ პირთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება:

 

“საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმისათვის, რომ განხორციელდეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება და გარდა ამისა, ამჯერად თვითონ დაზარალებულის მდგომარეობაც და მისი შემდგომი განვითარებისთვისაც მივიჩნიეთ, რომ დაზარალებულის პროცესზე ათასჯერ მიყვანა მის ფსიქიკაზე გაცილებით ცუდად იმოქმედებდა და აღნიშნული მუხლის სასჯელის ფარგლებში განუსაზღვრეთ წელიწადნახევარი. სულ ითვალისწინებდა სამ წლამდე პატიმრობას. დაგვთანხმდა ბრალდებული, დაზარალებულიც და სასამართლომაც დაამტკიცა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ღვედაშვილმა.

 

საქართველოს კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება პროკურორსა და ბრალდებულს შორის, თუმცა ის ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის, თუკი მას სასამართლო ამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი