სალომე ზურაბიშვილი
“ახალი პრეზიდენტი საჭიროა ქვეყნისთვის იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იმყოფება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ის მზადაა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ოფიციალური განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არ შეუტანია, მან იმ სავარაუდო ბარიერებზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა შეექმნას:
“ერთი არის ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, რომელზეც ინიცირებულია კანონის ცვლილება, რომც არ იყოს, ეს პრობლემა არ დგას. რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქეობის მატარებელი პირი, თუმცა კანდიდატზე არაფერს არ ამბობს. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ფიცის დადების მომენტში. მეორე საკითხი არის ის, რომ მე სამი წელია გასული ვარ და ვმუშაობ გაეროში, მე იქ ვარ დანიშნული გენერალური მდივნის მიერ და არც ერთ ქვეყანას არ წარმოვადგენ. ვარ საერთაშორისო ორგანიზაციაში მომსახურე და ეს არ ითვლება როგორც გარე რეზიდენცია და გასვლა ქვეყნიდან. ამაზეც იყო ინტერპრეტაცია, მაგრამ ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც მე დავრეგისტრირდები. მე მგონია, რომ დადებითად გადაწყდება, რადგან ამ ქვეყანაში დამთავრდა ის დრო, როდესაც ხდებოდა კანდიდატებისთვის ხელის შეშლა კანონის ინტერპრეტაციით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მოსალოდნელი და სასურველიცაა, რომ არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნოს, რადგან ეს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიის მაჩვენებელია და იმის დასტურია, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ არსებობს.
“მე ვგეგმავ ძალიან ახალ საარჩევნო კომპანიას, ასეთი არჩევნები ჩვენ არ გვქონია და მგონი დროა, რომ სხვანაირად მივუდგეთ არჩევნებს. იმედი მაქვს, რომ ფულით მართული არჩევნების დრო თუ არ დასრულდა, მეტნაკლებად იქნება შეზღუდული, იმედი მაქვს, რომ გაყალბებული არჩევნების დრო თავდება ამ ქვეყანაში, იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შემცირდება, მე იმედიანად ვარ ამ არჩევნების მიმართ, ეს რომ იყოს ძველი სტილის არჩევნები, ცხადია, ჩემი შანსები იქნებოდა ძალიან მცირე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.