ეკა ბესელიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის ჯერჯერობით, საქმის შესწავლამდე ვერ ისაუბრებს საჩივრის დეტალურ

შინაარსზე და ეს შესაძლებელი გახდება სამქის სრულად შესწავლის შემდეგ. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თითქმის დაასრულა გეგუთის ციხეში მაისში გარდაცვლილი პატიმრის საქმის შესწავლა, რომლის შედეგებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმარ ლევან კორტავას საქმის გამოძიება პროკურატურას ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უკვე განახორციელა საკადრო ცვლილებები გეგუთის ციხეში.
ლევან კორტავა ქუთაისის ერთ–ერთ კლინიკაში გეგუთის ციხიდან 2013 წლის მაისში გადაიყვანეს მძიმე დაზიანებებით. წინასწარი ინფორმაციით, ის პატიმრებმა სცემეს, რის შემდეგაც კიბეზე დააგორეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, თანამდებობიდან გადაყენებულია გეგუთის ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე, რომლის ადგილზეც დაინიშნა ზურაბ პეტრიაშვილი. თანამდებობები ასევე დაატოვებინეს დირექტორის მოადგილეებს.
“რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, მას პროკურატურა აწარმოებს და დეტალები ჩვენთვის არ არის ცნობილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კორტავას ოჯახი გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
სოზარ სუბარმა დღეს, 17 ივლისს განაცხადა, რომ დაწყებულია ინციდენტის შესწავლა, რომელიც გეგუთის ციხეში პატიმართა ახლობლების შეურაცხყოფას ეხება ციხის თანამშრომლის მხრიდან მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაცია შეიცვალა.
“ვსწავლობთ, არ მინდა წინასწარი დასკვნების გაკეთება. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ იმ ადამიანს, ვისაც ხელს ადებდნენ, მას პატიმართა ახლობლების ჩხრეკა არანაირად არ ევალება და ამასთან შეხება არ აქვს, ეს არ არის მისი საქმე, ის გარე დაცვის პერიმეტრის ოფიცერია. თუ სხვა რამე იყო, ამას შევისწვალით. არ უნდა დავუშვათ, რომ დამანშავე დაუსჯელი დარჩეს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ პატიმრებმა იმის გამო, რომ ვიღაც არ მოსწონთ სამართლიანობისა და სიმკაცრის გამო, მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები შექმნან. მე ვარ განწყობილი, რომ წესრიგი და ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ეს არცერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს, წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
