ახალი ამბები

რას ჰყვებიან გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები სპეცოპერაციის შესახებ

23 ნოემბერი, 2017 • 2449
რას ჰყვებიან გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები სპეცოპერაციის შესახებ

პოლიციამ გაბრიელ ბერის ქუჩის 46-ე კორპუსის მესამე სადარბაზოს მაცხოვრებლებს სახლები 22 ნოემბერს, გამთენიისას დაატოვებინა. მეზობლები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვის მიმართაც სუსი სპეცოპერაციას ატარებდა. მათ განსხვავებული ვერსიები აქვთ იმის შესახებაც, თუ ვინ ცხოვრებდა სამიზნე ბინაში.

46-ე კორპუსის მესამე სადარბაზოში, მეორე სართულზე მდებარეობს ბინა, რომელშიც ის პირები იმყოფებოდნენ, ვის წინააღმდეგაც უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციას ატარებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვიცით მხოლოდ ის, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია 3 ადამიანი, ხოლო დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ვანო გოლოშვილი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ თბილისში ადგილი ჰქონდა საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტს. “საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან” დაკავშირებით, მინისტრის ცნობით, გამოძიება სხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს, თუმცა სხვა ქვეყანას არ აკონკრეტებს.

როგორ მოხდა სადარბაზოდან ხალხის ევაკუაცია

რას ჰყვებიან მეზობლები:

[checklist]

  • პოლიციამ ოჯახები 22 ნოემბერს, 03:00 საათზე გაიყვანა სახლებიდან
  • პოლიციას მათთვის წინასწარ განსაზღვრული ადგილი არ ჰქონიათ და ისინი მეზობლებში გადაანაწილა.
  • ის სადარბაზო,  რომელშიც სამიზნე ბინა მდებარეობდა, ამ დრომდე (23 ნოემბერი, 16:50 საათი) ცარიელია
  • პოლიციამ მაცხოვრებლებს უთხრა, რომ “მათივე უსაფრთხოების გამო” გაჰყავდათ ტერიტორიიდან
  • პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილი და მაცხოვრებლებს დოკუმენტები წარუდგინეს
  • პოლიცია და მაცხოვრებელები მხოლოდ ლიფტით სარგებლობდნენ და არა კიბით

[/checklist]

“ღამის სამ საათზე გაგვიყვანეს, იმ დღეს, სანამ სროლები დაიწყებოდა. გვითხრეს, რომ თქვენივე უსაფრთხოების მიზნით უნდა გამოხვიდეთო. მეზობლებში გაგვიყვანეს. სახლი ჩავკეტე და გავყევით. ყველა გამოჰყავდათ. ლიფტით ჩამოვდიოდით, პოლიციელი მოგვყვებოდა, კიბეებს არ ვიყენებდით, სამოქალაქო ფორმა ეცვათ და საბუთები გვაჩვენეს”.  -ამბობს კიაზო მოდებაძე, რომელიც მესამე სადარბაზოს მაცხოვრებელია.

იცნობდნენ თუ არა მეზობლები სპეცოპერაციის სამიზნე პირებს

რას ჰყვებიან მეზობლები:

[checklist]

  • მეზობლები აცხადებენ, რომ მათ არავითარი კონტაქტი და კომუნიკაცია არ ჰქონიათ სპეცოპერაციის სამიზნე პირებთან.
  • ამბობენ იმასაც, რომ საერთოდ არავინ უნახავთ აღნიშნულ სახლში.
  • მხოლოდ ორი მეზობელი ამბობს, რომ ამ სახლში კაცების გარდა ორი ქალი და ბავშვიც ცხოვრობდა
  • მხოლოდ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ესალმებოდა ეზოში ბავშვთან ერთად ჩამოსულ ქალებს.
  • მეზობლებმა არ იციან სსამიზნე ბინაში მცხოვრები ადამიანების სახელები.
  • მეზობლები ასახელებენ განსხვავებულ დროს, თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ ეს პირები ბინაში. ყველაზე მცირე დრო, ერთი თვე, ხოლო ყველაზე დიდი დრო, რაც დაასახელეს, ერთი წელია.
  • მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა ეზოში პოლიციის მანქანებს ამჩნევდნენ, რომელიც მათი თქმით, სიტუაციას აკვირდებოდა.
  • მანქანაც და მასში მსხდომი ადამიანებიც არ ატარებდნენ რაიმე ნიშანს, რაც ადგილობრივებს მიახვედრებდა, რომ ეს პოლიცია იყო, თუმცა ამბობენ, რომ მათი ქცევით ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს პოლიცია იყო.

[/checklist]

“ქალები ჩამოდიოდნენ დაბლა, კაცებიც იყვნენ და ქალებიც, მაგრამ ქალები ჩამოდიოდნენ ბავშვთან ერთად. არ იყო ისეთი რამ, [გეფიქრა] ტერორისტული აქტების მოწყობა უნდოდათ. ვერ იფიქრებდი ვერანაირად. მე რაც ვიცი, ერთი წელია აქ ცხოვრობენ”.- ამბობს  თამაზ ჩიტაძე, რომელიც მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს.


21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. თუმცა, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, ამ დრომდე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ განუცხადებია. ძალოვან უწყებებს არც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლის შესახებ განუცხადებია, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი