ახალი ამბები

თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქების საკითხზე ქარტია სამართალდამცავებსა და მედიას მიმართავს

22 ნოემბერი, 2017 •
თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქების საკითხზე ქარტია სამართალდამცავებსა და მედიას მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქების საკითხზე სამართალდამცავებსა და მედიას მიმართავს.

ქარტიაში აცხადებენ, რომ მედიას აქვს ვალდებულება, დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს. ამასთანავე, შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმერტის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით:

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას და შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება, დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს” – ნათქვამია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მათ დაკავშირებას, რადგან ქარტიის საბჭოს განცხადებით, ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას.

“ამიტომაც მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის ჩვენებას, არა მხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა კომენტარების შერჩევისას. ამასთან, მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს მოქალაქეთა მიერ გადაღებული მასალის ეთერში გაშვებას.

სპეცოპერაციის გაშუქებისას მედიამ, ერთი მხრივ, არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო და ფოტოკადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას ავრცელებენ თვითმხილველი მოქალაქეები” – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი