ახალი ამბები

კბილაშვილი: ხვედელიძეს დასჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ვიდეოფაილის ატვირთვისას

9 ივლისი, 2013 • • 1058
კბილაშვილი: ხვედელიძეს დასჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ვიდეოფაილის ატვირთვისას

დღეს, 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, იკვეთება ის, რომ აღნიშნული ვიდეოფაილი ინტერნეტში ხვედელიძის დავალებით გარკვეულმა ტექნიკური სამუშაო პროფილის მქონე პირებმა ატვირთეს, თუმცა ისე, რომ არ იცოდონენ, თუ რას ათავსებდნენ ინტერნეტში. ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, მოქმედებდა თუ არა მარტო გელა ხვედელიძე, როდესაც მასალას ინტერნეტში ტვირთავდა:  

 

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

“საზოგადოება გამოძიების დასრულებისთანავე სრულად იქნება ინფორმირებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მას დასჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ვიდეოფაილის ატვირთვისთვის, მაგრამ სრულებითაც არ არის საჭირო, რომ ტექნიკური დამხმარე ინფორმირებული ყოფილიყო, თუ რისი ატვირთვა უნდა განხორიცელბულიყო იმ კოდისა და სივრცის ხელმისაწვდომობის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე, რა თქმა უნდა, დადგენილი არის, ტექნიკურად ვინ დაეხმარა მას, მაგრამ მისი [დამხმარის] ცოდნა, თუ რა უნდა ატვირთულიყო იქ, როდესაც კოდის  ხელმისაწვდომობა იქნა გადაცემული, აბსოლუტურად ნულის ტოლია. ასე რომ, სხვა ბრალდებული პირი თუ აქ გამოჩნდება, მე უბრალოდ ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ თუკი ჩვენ შს მინისტრის პირველი მოადგილის პასუხისმგებლობა განვსაზღვრეთ, რატომ უნდა გვქონდეს შემაფერხელებლი აი–ტის სპეციალისტის მიმართ, თუ ის იყო თანამონაწილე რაღაც კონკრეტული ქმედების? ამ ეტაპზე ასეთი რამ არ არის. იკვეთება ის, რომ მისი დავალებით შეასრულეს გარკვეულმა ტექნიკურმა პირებმა გარკვეული დავალება ისე, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, თუ რა განთავსდებოდა იქ”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ხვედელიძეს, რომელმაც შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონო გავრცელებას ედავება. ხვედელიძე ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავiსუფლებული. 

 

შს მინისტრის პირველი  ექს–მოადგილე 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების ბრალდებით. გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან  საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.

 

პირი, რომელიც ხვედელიძის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზეა ასახული, ასევე სვამს მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის, რადგან, როგორც იგი აცხადებს, მის მიმართ ასეთი ვიდეომასალის გამოყენებას საფუძვლად დაედო მის ხელთ არსებული მამხილებელი მასალები არა მხოლოდ გელა ხვედელიძის, არამედ ლაშა ნაცვლიშვილისა და  პრემიერ-მინისტრის მრჩევლის – გია ხუხაშვილის წინააღმდეგ.

 

გელა ხვედელიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო მოქმედებდა და არ ჰყოლია თანამზრახველები, როდესაც აღნიშული ვიდეომასალა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი