ახალი ამბები

რას მოუტანს საქართველოს აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის შესაძლებლობა

21 ნოემბერი, 2017 • 4483
რას მოუტანს საქართველოს აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის შესაძლებლობა

აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო მიყიდვას პოლიტიკურ წრეებსა და სპეციალისტებს შორის დადებითი შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების, ისე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტი ზურაბ აგლაძე ფაქტს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში ახალ სიტყვად აფასებს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ “ჯაველინი”  ყველაზე თანამედროვე იარაღთაგანია, მისი შესაძლო მოყიდვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აღნიშნულ სისტემას აშშ მხოლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებს გადასცემს. სპეციალისტის განცხადებით, იარაღი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაშინ, როცა რუსეთი “თანამედროვე შეიარაღებით დიდად არ გამოირჩევა”.

“ნატოს წევრ ყველა ქვეყანასაც არ აქვს მსგავსი შეიარაღება, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის კი ძალიან ცოტა მოიძებნება ასეთი. ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-სთვის. ვფიქრობ, ეს არის პირველი ნაბიჯი და ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება. ეს არის, ალბათ, ყველაზე თანამედრვე იარაღი. და თუ ვინმეს გაუჩნდება საქართველოში შემოჭრის ან სამხედრო მოქმედებების განხორციელების სურვილი, კარგად უნდა დაფიქრდეს, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს მისთვის. იარაღი და ტექნოლოგიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს პატარა ჯარი; შესაბამისად, ეს  არის შემაკავებელი პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და ბერკეტი, რომლითაც გავაფრთხილებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ შემოჭრა დაუჯდება ძალიან ძვირი”.

ზურაბ აგლაძე აღნიშნავს, რომ “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გადმოცემა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და თუ როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა, ეს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაზეა დამოკიდებული.

“ეს არის პირველი ნაბიჯი. ამერიკული მხარეც დაგვაკვირდება და ჩვენც უნდა დავამტკიცოთ, რომ გვაქვს სურვილი, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დაცვა, თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემების შექმნა და ამ ინსტიტუციის გაძლიერება. რეფორმები მიმდინარეობს, ამერიკა დადებითად აფასებს პროცესებს, თუმცა ეს უნდა გაღრმავდეს, გაფართოვდეს, ამაღლდეს ხარისხი, სამხედროების პროფესიონალიზმი, რაც პირდაპირაა მიბმული თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების საჭიროებაზე”, – უთხრა აგლაძემ “ნეტგაზეთს”.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები რუსულ პოლიტიკურ წრეებში, სადაც ამბობენ, რომ ამერიკა “სატელიტი ქვეყნების” – საქართველოსა და უკრაინის მეშვეობით კონფრონტაციის პოლიტიკას ეწევა.

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისგან იარაღის შეძენის შემთხვევაში? – ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ მან უკვე გამოიყენა ყველა ის ბერკეტი, რაც ხელთ ჰქონდა.

“რაც უნდა კარგად მოვიქცეთ, ან რაც უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ვხედავთ, რომ  მცოცავი ოკუპაცია არ ჩერდება. ასე რომ, დიდი არჩევანი არ გვაქვს. გვაქვს ერთადერთი არჩევანი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამას მარტო ვერ შევძლებთ. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დახმარება. რუსეთი კი, რომელიც ის აწვდიდა იარაღს ოკუპირებულ რეგიონებს, სწორედ ის არის მაპროვოცირებელი და არა აშშ”.

აშშ-ის მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო მოყიდვას პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გადაწყვეტილებას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გამოვლინებად მიიჩნევს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას და გამომხატველია იმ მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით”, – აცხადებს ის.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ “ჯაველინი” რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა,  გადაწყვეტილება კი საქართველოს მიმართ აშშ-ის ნდობის შედეგია.

“ეს ნაბიჯი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არის კიდევ ერთი დასტური ჩვენ მიმართ სანდოობის, ამ სფეროში ჩვენი თანამშრმლობის, რასაც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ეს მოხმარდება მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეფექტური თავდაცვითი საშუალება, რაც მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს”.

ფაქტს დადებითი გამოხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრთა შორისაც მოჰყვა. “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პროცესი გადაწყვეტილებამდე გაცილებით ადრე, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, როცა ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადმოცემის შესაძლებლობა პირველად გახმიანდა.

“ეს არის ძალიან დადებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა აშშ-ის მთავრობამ. შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისა, დაიწყო 2011 წელს საქართველოსა  და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ და ანტისატანკო კომპონენტი იყო თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ დღევანდელ მთავრობას არ აქვს ხედვა ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა, ეს არის გამოწვევა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დადებითი. – აცხადებს ბოკერია.

ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო შეძენას თავდაცვისუნარიანობის ამაღლების წინაპირობად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც” მიიჩნევენ.

“ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უნარს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და გავხდეთ ნატოს წევრები, რადგანაც იმ პოტენციალის სახელმწიფო, რომელიც ასეთ შესაძლებლობებს ფლობს, ნატოსაც სჭირდება. ბუნებრივია, ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ აშშ არ მიატოვებს თავის მეგობრებს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნატოში გასაწევრიანებლად”, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

მიუხედავად ამისა, ცნობა სამხედრო ტექნიკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ ტექნიკის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი