როგორც კუბლაშვილმა დღეს, 8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არის სრულიად მიუღებელი და ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და განვითარების პერსპექტივას. მისივე თქმით, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო საპასუხო რეაგირებას გააკეთებს.

“დღეს მე მინდა განცხადება გავაკეთო ბოლო ხანს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეთა შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტზე. დაახლოებით ორი კვირის წინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩემი პირველი მოადგილის შესახებ საუბარი იყო ისეთ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ შეიცავდა შეურაცხყოფას და უხამსი სიტყვებით მოხსენიებას. შემდეგ იყო საუბარი სასამართლოზე ზოგადად და მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე ახალციხეში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე. აქაც უმრავლესობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. დაბოლოს, ერთ–ერთ სატელევიზიო ეთერში იყო საუბარი თბილისის მერისგან კონკრეტული მოსამართლეების მიმართ და მათი პირდაპირი შეურაცხყოფა.

 

თითოეული ამ ფაქტთან დაკავშირებით მე მინდა განვაცხადო, რომ ასეთი რამ პოლიტიკური ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან არის სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირი მცდელობა. ეს შეურაცხყოფები არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი ჩვენს საზოგადოებაში და იგი ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას. მე მინდა ყველა ამ პირის მხრიდან ძალიან კონკრეტულად მოვითხოვო, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, რომ ასეთ შეურაცხყოფებები მოსამართლეთა მიმართ გახლავთ პირდაპირი ზეგავლენისა და ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში. საბოლოო შედეგს ისინი  ამით ნამდვილად ვერ მიიღებენ, მაგრამ ამით ძირს უთხრიან სასამართლოს და დისკრედიტაციას ახდენენ მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს სისტემის. ეს ჩვენს ქვეყანაში არის აბოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ჯანსაღი კრიტიკა გასაგები და ასატანია, მაგრამ არა შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. მისივე თქმით, მოსამართლეთა გადაწყვეტილებები მიტინგებით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით არ შეიცვლება, რადგან გადაწყვეტილების შეცვლის ერთადერთი მექანიზმი მისი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *